მარკო რუბიომ და სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს
მარკო რუბიომ და სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს

მარკო რუბიომ და სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის 16 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრის შემდგომი ნაბიჯები განიხილა.

„სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა მომავალი შეხვედრების მნიშვნელობას, როგორც შესაძლებლობას მოსკოვისა და ვაშინგტონისთვის, რომ, პრეზიდენტ ტრამპის ხედვის შესაბამისად, რუსეთ-უკრაინის ომის მდგრადი გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით ითანამშრომლონ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიაც ავრცელებს.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის გამართული საუბრის დროს მიღწეული შეთანხმებების განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯები განიხილეს.