აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში შეხვედრა გამართეს. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა მედიასთანაც ისაუბრეს.
ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, პრეზიდენტი ტრამპი ისრაელის საუკეთესო მეგობარია, ვინც თეთრი სახლიდან ოდესმე ჰყოლია.
„პრეზიდენტი ტრამპი არის უდიდესი მეგობარი, რომელიც ისრაელს ოდესმე ჰყოლია თეთრ სახლიდან. ვაშინგტონში ვიზიტმა ეს ყოველმხრივ აჩვენა. დღეს მდივან რუბიოსთან ერთად გვქონდა ძალიან ნაყოფიერი დისკუსია რიგ საკითხებზე, რომელთაგან არცერთი არ არის ირანზე უფრო მნიშვნელოვანი. ისრაელი და ამერიკა მხარდამხარ დგანან ირანის საფრთხის წინააღმდეგ. ჩვენ ვთანხმებით, რომ აიათოლებს არ უნდა ჰქონდეთ ბირთვული იარაღი. ჩვენ ასევე ვთანხმდებით, რომ ირანის აგრესია რეგიონში უნდა შეჩერდეს“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი შეასრულებს ყველა სამხედრო მიზანს, რომელიც 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დაისახა.
„პრეზიდენტი ტრამპი და მე ვმუშაობთ სრული თანამშრომლობითა და კოორდინაციით. ჩვენ გვაქვს საერთო სტრატეგია და ყოველთვის ვერ გავუზიარებთ ამ სტრატეგიის დეტალებს საზოგადოებას, მათ შორის იმას, თუ როდის გაიხსნება „ჯოჯოხეთის კარიბჭე“, რაც აუცილებლად მოხდება, თუ ყველა ჩვენი მძევალი არ გათავისუფლდება, უკანასკნელამდე. ისრაელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მიაღწიოს ყველა საომარ მიზანს, რომელიც დავისახეთ 7 ოქტომბრის საშინელი თავდასხმის შემდეგ. ჩვენ დავაბრუნებთ ყველა ჩვენს მძევალს სახლში და უზრუნველვყოფთ, რომ ღაზა აღარასდროს წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის. აშშ-ის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა ღაზის საკითხში დაგვეხმარება ამ მიზნების უფრო სწრაფად მიღწევაში“, – დასძინა ნეთანიაჰუმ.
თავის მხრივ, მარკო რუბიომ ისაუბრა ირანის მხრიდან არსებულ საფრთხეებზე.
„საერთო თემა ყველა ამ გამოწვევაში არის ირანი. ეს არის არასტაბილურობის ერთადერთი უდიდესი წყარო რეგიონში, ყველა ტერორისტული ჯგუფის უკან, ყველა ძალადობრივი აქტის უკან, ყველა დესტაბილიზაციური საქმიანობის უკან, ყველაფრის უკან, რაც ემუქრება მშვიდობასა და სტაბილურობას მილიონობით ადამიანისთვის, ვინც ამ რეგიონს სახლს უწოდებს, არის ირანი. ირანში მე ვგულისხმობ აიათოლებს, ირანში მე ვგულისხმობ მის რეჟიმს, რეჟიმს, რომელსაც, სხვათა შორის, მისი ხალხი არ უჭერს მხარს. ირანის ხალხი ამ რეჟიმის მსხვერპლია“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
ეს რუბიოს პირველი ვიზიტია რეგიონში სახელმწიფო მდივნის რანგში. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში რუბიო განიხილავს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდგომ მოვლენებს.