მარკო რუბიო ვაშინგტონში იოჰან ვადეპულს შეხვდა

10:03, 30.06.2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვაშინგტონში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, იოჰან ვადეპულს შეხვდა.

„შევხვდი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, იოჰან ვადეპულს, რათა განგვეხილა ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი საერთო ვალდებულება, უზრუნველვყოთ, რომ ირანმა არასდროს მიიღოს ან განავითაროს ბირთვული იარაღი“, – წერს რუბიო.

რუბიოს თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატო-ში პასუხისმგებლობის უფრო თანაბრად გადანაწილებისა და რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობის დამყარების აუცილებლობა.

„კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ნატო-ში ტვირთის გადანაწილებისა და რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობის მიღწევის აუცილებლობა“, – წერს რუბიო.

თავის მხრივ, შეხვედრის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანთან ნებისმიერი სამომავლო შეთანხმების ჩამოყალიბებაში ევროპულმა ქვეყნებმა გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშონ.

ვადეპულმა დაადასტურა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები 30 ივნისს განახლდება.

„კარგია, რომ ჩემმა ამერიკელმა კოლეგამ ახლახან დამიდასტურა, რომ ირანი და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ თავდასხმების შეწყვეტაზე. ორივე მხარე ასევე აპირებს, დოჰაში გააგრძელონ მოლაპარაკებები. თუმცა ნათლად უნდა ითქვას, რომ ეს არის დიპლომატიის შესაძლებლობა ისეთ ვითარებაში, რომელიც მთლიანობაში კვლავ მყიფეა. მიუხედავად შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტისა, როგორც ჩანს, ირანი კვლავ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში ესკალაცია გააძლიეროს“, – აღნიშნა ვადეპულმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მარკო რუბიოსთან ჰორმუზის სრუტის გრძელვადიანი გახსნის მნიშვნელობა განიხილეს.

„მარკო რუბიოსთან ერთად შევთანხმდით ჰორმუზის სრუტის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, გრძელვადიან გახსნაზე. ყველას ინტერესშია, რომ მემორანდუმმა მიგვიყვანოს სიცოცხლისუნარიან და მდგრად შეთანხმებამდე. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ, ირანის წინააღმდეგ არსებული სანქციების გათვალისწინებით, ჩვენ, ევროპელებმა, საბოლოოდ გადამწყვეტი როლი უნდა შევასრულოთ სამომავლო შეთანხმების საერთო სურათში“, – განაცხადა ვადეპულმა.

მსგავსი