მარკო რუბიო - სირიის გარდამავალ ხელისუფლებას რამდენიმე კვირაში, შესაძლოა, კოლაფსი ემუქრებოდეს
მარკო რუბიო - სირიის გარდამავალ ხელისუფლებას რამდენიმე კვირაში, შესაძლოა, კოლაფსი ემუქრებოდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ სირიის გარდამავალ ხელისუფლებას რამდენიმე კვირაში, შესაძლოა, კოლაფსი ემუქრებოდეს. ამის შესახებ რუბიო სენატში გამართულ მოსმენაზე სენატორების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, სირიის მოქმედ მთავრობას უკვე რამდენიმე კვირაში, შეიძლება, ემუქრებოდეს კოლაფსი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ქვეყნის გახლეჩა.

„ცუდი ამბავი ის არის, რომ სირიის გარდამავალი მთავრობის წარმომადგენლებმა ვერ გაიარეს შემოწმება აშშ-ის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან. ჩვენ გვესმის, რომ მათ რთული ისტორია აქვთ. მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ თუ მათთან ვითანამშრომლებთ, ამან შეიძლება, იმუშაოს, და შეიძლება არც იმუშაოს. თუ ჩვენ მათთან არ ვიმუშავებდით, გარანტირებულად არაფერი გამოვიდოდა. სინამდვილეში, ჩვენი შეფასებით, გარდამავალი ხელისუფლება, მის წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინებით, შესაძლოა, რამდენიმე კვირაში, და არა რამდენიმე თვეში, იმყოფება პოტენციური კოლაფსისა და სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე, რომელსაც ექნება გრანდიოზული მასშტაბები და, საერთო ჯამში, გამოიწვევს ქვეყნის გახლეჩას.

ჩვენ გვჭირდება მათთვის დახმარების გაწევა. ჩვენ გვინდა, რომ ამ მთავრობამ წარმატებას მიაღწიოს, რადგან ამის ალტერნატივაა სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომი და ქაოსი, რომლებიც, ბუნებრივია, გამოიწვევს მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას“, – განაცხადა რუბიომ აშშ-ის კონგრესის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში მოსმენაზე.

ცნობისთვის, 14 მაისს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეხვდა სირიის დროებით ლიდერს, აჰმედ ალ-შარაას ერ-რიადში. ამის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დაიწყებს სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას.