მარკო რუბიო – რუსულ დიზელზე სანქციების დროებითი შემსუბუქების გადაწყვეტილება ვაშინგტონის ეროვნული ინტერესებით არის ნაკარნახევი, მიზნად ისახავს მსოფლიო ბაზარზე საწვავის მიწოდების გაზრდას
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონის გადაწყვეტილება რუსულ დიზელზე დაწესებული სანქციების დროებითი შემსუბუქების შესახებ, ვაშინგტონის ეროვნული ინტერესებით არის ნაკარნახევი და მიზნად ისახავს მსოფლიო ბაზარზე საწვავის მიწოდების გაზრდას.
ამის შესახებ მარკო რუბიომ „ბრეითბარტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მთავარი ამოცანაა, ამერიკის ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა დააყენონ. სხვა ქვეყნისთვის ან კონტინენტისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებზე წინ უნდა იდგეს ის, რაც ამერიკისთვის არის კარგი. ჩვენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე თუ არ ვიზრუნებთ, ამას სხვა არავინ გააკეთებს“, – განაცხადა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განმარტებით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე გლობალურ ეკონომიკას დიზელის საწვავის დამატებითი მიწოდება სჭირდება.
„პრეზიდენტმა გადაწყვიტა, კვლავ დაეწესებინა სანქციებზე 30-დღიანი მორატორიუმი, რათა მსოფლიო ბაზარზე მეტი რუსული დიზელი მოხვდეს. ეს დაეხმარება ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებსაც. ეს გადაწყვეტილება მიღებულია არა იმიტომ, რომ ის უკრაინისთვის საზიანოა ან რუსეთისთვის სასარგებლო, არამედ იმიტომ, რომ ამერიკის ინტერესებს ემსახურება“, – განაცხადა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინაში ომის დასრულების პერსპექტივებზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, სამშვიდობო მოლაპარაკებების მთავარი დაბრკოლება დონეცკის ოლქის დარჩენილი ტერიტორიაა, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.
რუბიოს განცხადებით, რუსეთს დონეცკის ოლქის დაახლოებით 89 პროცენტი აქვს ოკუპირებული, ხოლო დარჩენილ 11 პროცენტზე უკრაინის სამხედრო ძალების მნიშვნელოვანი თავდაცვითი ხაზია განლაგებული.
„რეალურად, ეს ომი უკრაინის ერთ რეგიონს – დონეცკს უკავშირდება. რუსეთი ამ ტერიტორიის დაახლოებით 89 პროცენტს აკონტროლებს. დარჩენილ ნაწილში უკრაინელებს გამაგრებული თავდაცვითი ხაზი აქვთ. მათი და სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ეს უკანასკნელი თავდაცვითი ხაზია. უკრაინა თუ მას დათმობს, კიევის დასაცავად პრაქტიკულად აღარაფერი დარჩებათ და რუსეთის არმიას დედაქალაქისკენ პირდაპირი გზა გაეხსნება“, – განაცხადა რუბიომ.
მისივე თქმით, რუსეთი დონეცკის ოლქის სრულად გადაცემას მოითხოვს და ამას საკუთარ გამარჯვებად მიიჩნევს, მაშინ როდესაც უკრაინა დარჩენილი ტერიტორიის დათმობაზე უარს ამბობს სწორედ მისი სტრატეგიული მნიშვნელობის გამო.
„ეს არის კონფლიქტის მთავარი საკითხი. არსებობს სხვა პრობლემებიც, თუმცა, საბოლოოდ, მხარეები სწორედ ამ ტერიტორიისთვის იბრძვიან“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
რუბიოს განცხადებით, რუსეთის არმიამ ბრძოლის ველზე წინსვლა და დარჩენილი ტერიტორიის დაკავება ვერ შეძლო, რის გამოც მოსკოვი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მასშტაბურ საჰაერო დარტყმებს ახორციელებს.
„რუსეთი ცდილობს, უკრაინის მოსახლეობას უპილოტო საფრენი აპარატებითა და ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმების შედეგად მაქსიმალური ზიანი მიაყენოს, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოების ფონზე. სამიზნეა ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მიწოდების ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა რუბიომ.
მისივე თქმით, საპასუხოდ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ და გაზის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს ახორციელებს, რაც რუსეთის ეკონომიკის დაფინანსების ერთ-ერთ მთავარ წყაროს აზიანებს.
რუბიომ აღნიშნა, რომ ომის შედეგებს რუსეთის მოსახლეობაც გრძნობს, რადგან აფეთქებები მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და ქვეყნის სიღრმეში ხდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, არსებული ვითარება სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას მნიშვნელოვნად ართულებს, თუმცა ვაშინგტონი მზად არის, შუამავლის როლი შეასრულოს.
„ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მზად არის, შესაძლებლობის შემთხვევაში, შუამავლის როლი შეასრულოს და ომი მოლაპარაკებების გზით დაასრულოს. ვფიქრობთ, საბოლოოდ ეს ომი სწორედ ასე დასრულდება. თუმცა არსებული პოზიციები იმდენად მყარად არის ჩამოყალიბებული, რომ შეთანხმების მიღწევა უკიდურესად რთულია“, – განაცხადა რუბიომ.
მან ასევე ისაუბრა უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების საკითხზე და თქვა, რომ მიუხედავად ამ თემის მნიშვნელობისა, არჩევნები ომის გაგრძელების ძირითად მიზეზს ვერ აღმოფხვრის.
რუბიომ უკმაყოფილება გამოთქვა შავ ზღვაში ენერგომატარებლების გადამზიდავ გემებზე უკრაინის თავდასხმების გამოც. მისი თქმით, ზოგიერთ დაზიანებულ გემზე ამერიკული კომპანიების კუთვნილი ნავთობი იყო, რამაც ვაშინგტონის შეშფოთება გამოიწვია.
„ჩვენ უკვე გვაქვს გლობალური ენერგეტიკული კრიზისი ჰორმუზის სრუტეში, წითელ ზღვასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში მიმდინარე მოვლენების გამო. არ გვჭირდება დამატებითი ფაქტორები, რომლებიც ამ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს“, – თქვა რუბიომ.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონს უკმაყოფილების საფუძველი რუსეთის ქმედებების გამოც აქვს.
მისივე თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის მიუღებელია კიევში საცხოვრებელ კორპუსებზე რუსული ბალისტიკური რაკეტების დარტყმები, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან. რუბიოს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასრულების მცდელობებს გააგრძელებს, თუმცა ვაშინგტონს მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც მნიშვნელოვანი პრიორიტეტები აქვს.