მარკო რუბიო – უკრაინამ და რუსეთმა გამოხატეს ინტერესი ცეცხლის გარკვეულწილად შეზღუდვაზე, ეს ომს არ დაასრულებს, თუმცა შესაძლოა, უფრო ფართო შეთანხმების საფუძველი გახდეს
ნიუ იორკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა დასრულდა.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან რუსეთ-უკრაინის ომი და აშშ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობები განიხილა.
შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ მზად არის, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში „კონსტრუქციული როლი“ შეასრულოს.
„ვფიქრობ, ორივე მხარემ გამოთქვა ინტერესი ცეცხლის გარკვეულწილად შეზღუდვაზე, რაც მოიცავს მარცვლეულსა და ენერგეტიკას. ცხადია, ეს მარტივი არ იქნება, თუმცა ორივე მხარე ამით დაინტერესებულია. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს საჯაროდაც განაცხადა, როგორც გუშინ ჩვენთან საუბრისას, ისე, როგორც ჩანს, ბოლო საათებში მიცემულ ინტერვიუებშიც. ცხადია, ეს ომს ვერ დაასრულებს, თუმცა, გარკვეულწილად, შესაძლოა, შეამსუბუქოს ის გლობალური ზეწოლა, რომელსაც მსოფლიო ახლა განიცდის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: გვესმის, რომ ეს ომს არ დაასრულებს, თუმცა შესაძლოა, ეს უფრო ფართო შეთანხმებისთვის საფუძველი ან პლატფორმა გახდეს. საბოლოო ჯამში, ყველას გვსურს ომის დასრულება. რუსეთსა და უკრაინასთან დაკავშირებით კი ერთი რამის თქმა შემიძლია: ეს ომი ბრძოლის ველზე არ დასრულდება. ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ ომი მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმებით დასრულდება. რაც უფრო მალე მივაღწევთ ამ შეთანხმებას, მით ნაკლები იქნება ნგრევა და მსხვერპლი ორივე მხარეს. სწორედ ეს სურს აშშ-ის პრეზიდენტს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის” მომავალ სამიტზე მიწვეულია. რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ პუტინი მიწვევას მიიღებს. მისი თქმით, სამიტზე დასწრება რუსეთის პრეზიდენტს დონალდ ტრამპთან შეხვედრის შესაძლებლობას მისცემს.
ამასთან, რუბიოს თქმით, როგორც რუსეთმა, ისე უკრაინამ ენერგეტიკა ომის სტრატეგიულ მიზნად განსაზღვრა.
„ენერგეტიკაზე როცა საუბრობთ, რუსეთის მხარისთვის ეს ნიშნავს მათ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობსა და გაზს, რომლებზეც თავდასხმები ხორციელდება. უკრაინის შემთხვევაში კი ენერგეტიკა ნიშნავს ელექტროენერგიის ქსელს და ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის დაკარგვის შიშს. ამიტომ, როდესაც ენერგეტიკაზე საუბრობთ, ეს სხვადასხვა მხარისთვის ორ განსხვავებულ რამეს ნიშნავს. საკითხს კიდევ უფრო ართულებს ის, რომ ენერგეტიკაზე თავდასხმები ორივე მხარის სამხედრო სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. როგორ აყენებს უკრაინა ზიანს რუსეთს? ენერგეტიკის სექტორზე დარტყმებით, რომელიც რუსეთისთვის შემოსავლის წყაროა. რუსეთის მხარე კი უკრაინას ზიანს აყენებს ელექტროენერგიის ქსელზე იერიშებით, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ზამთარი მოახლოებულია. გამოწვევა სწორედ ის არის, რომ ორივე მხარემ ენერგეტიკა ომის სტრატეგიულ მიზნად განსაზღვრა თუმცა, ნავთობისა და გაზის შემთხვევაში ამას გლობალური გავლენა აქვს, ხოლო უკრაინაში ძალიან რეალური და მყისიერი ზეგავლენა ადამიანების ცხოვრებაზე, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოებისას. ამიტომ შეუძლებელია, ერთ ღამეში უბრალოდ ვთქვათ, რომ მოდი, შეთანხმებას მივაღწიოთ. თუმცა ვფიქრობ, ღირს ძალისხმევის გაღება იმისთვის, რომ ეს მოხდეს, რადგან ეს სასარგებლო იქნება როგორც მსოფლიოსთვის, ისე ორივე ქვეყნისთვის“, – განაცხადა მარკო რუბიომ.