მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ ირანმა უარი უნდა თქვას ურანის გამდიდრებაზე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ირანი ზეწოლაზე დაფუძნებულ მიდგომებს არ მოითმენს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ირანმა უარი უნდა თქვას ურანის გამდიდრებაზე და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განვითარებაზე, ასევე უნდა დაუშვას ინსპექტორები სამხედრო ობიექტებზე.
„მათ უარი უნდა თქვან ტერორისტების მხარდაჭერაზე, „ჰუსიტების“ დახმარებაზე, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების შექმნაზე, რომელთა არსებობის მიზანი მხოლოდ ბირთვული იარაღის ქონაა, უარი უნდა თქვან ურანის გამდიდრებაზე“, – განაცხადა რუბიომ.
როგორც სააგენტო „როიტერს“ ირანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, შაბათს ირანსა და აშშ-ის შორის რომში დაგეგმილი მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გადაიდო და ახალი თარიღი „აშშ-ის მიდგომის მიხედვით“ დაინიშნება. სააგენტოს ანონიმურმა წყარომ ასევე განუცხადა, რომ ირანს აქვს უფლება ურანის გამდიდრების.
ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ირანი არ მოითმენს მუქარასა და ზეწოლაზე დაფუძნებულ მიდგომებს.
„დიპლომატიის გზის ერთგულებისა და მოლაპარაკებების გაგრძელების მზადყოფნის ხაზგასმით, ირანი არ მოითმენს მუქარასა და ზეწოლაზე დაფუძნებულ მიდგომებს“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.