მარკო რუბიო - ლიბან-ისრაელის სამშვიდობო შეთანხმება უახლოეს მომავალში მიღწევადია, მათ შორის პრობლემას „ჰეზბოლა“ წარმოადგენს, ლიბანის მთავრობას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ეს დაჯგუფება განაიარაღოს
ვფიქრობ, ლიბანსა და ისრაელს შორის სამშვიდობო შეთანხმება უახლოეს მომავალში მიღწევადია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ორ ქვეყანას შორის პრობლემა დაჯგუფება „ჰეზბოლაა“.
„ლიბანის და ისრაელის მთავრობებს შორის პრობლემა არ არსებობს. ისრაელი არ აცხადებს, რომ ლიბანის რომელიმე ტერიტორია მას ეკუთვნის. ზოგადად, ვფიქრობ, ლიბანსა და ისრაელს შორის სამშვიდობო შეთანხმება უახლოეს მომავალში მიღწევადია. პრობლემა ისრაელსა და ლიბანს შორის არც ისრაელი და არც ლიბანია, პრობლემას „ჰეზბოლა“ წარმოადგენს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
რუბიო იმედოვნებს, რომ ლიბანისა და ისრაელის მთავრობები, შტატების შუამავლობით, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებიან და შედეგს მიაღწევენ.
მისივე თქმით, აშშ ყველაფერს გააკეთებს, რომ მხარეებმა მოლაპარაკებები განაგრძონ და მიაღწიონ პროგრესს, გარკვეული სახის მუდმივ ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც „ჰეზბოლას“ მხრიდან მუდმივად არ დაირღვევა.
ამასთან, როგორც რუბიომ აღნიშნა, ლიბანის შეიარაღებულ ძალებსა და მთავრობას უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ეს დაჯგუფება განაიარაღონ.
„ლიბანის შეიარაღებულ ძალებსა და მთავრობას უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ სურვილი, არამედ შესაძლებლობაც, რომ „ჰეზბოლას“ დაუპირისპირდნენ და განაიარაღონ, რადგან ლიბანელი ხალხიც „ჰეზბოლას“ მსხვერპლია“, – აღნიშნა რუბიომ.