მარკო რუბიო - დონალდ ტრამპი მზადაა, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ მექანიზმს, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულებას შეუწყობს ხელს
მარკო რუბიო - დონალდ ტრამპი მზადაა, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ მექანიზმს, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულებას შეუწყობს ხელს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, დონალდ ტრამპი მზადაა, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ მექანიზმს, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულებას შეუწყობს ხელს.

ამის შესახებ მარკო რუბიომ ანტალიაში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში ისაუბრა.

„შეერთებული შტატების პრეზიდენტი აბსოლუტურად მკაფიოდ გამოხატავს პოზიციას – მას ომის დასრულება სურს. ის ღიაა ნებისმიერი მექანიზმისთვის, რომელიც მიგვიყვანს გაწონასწორებულ, მდგრად და ხანგრძლივ მშვიდობამდე. მას სურს ომების თავიდან აცილება“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ნატო-ს დანიშნულებაა ომების პრევენცია თავისი სიძლიერით.

„სწორედ ამიტომ გვსურს მისი გაძლიერების ხილვა, ყველა პარტნიორის მიერ ისეთი დაფინანსების დონის უზრუნველყოფა, რაც ყველას გააძლიერებს და ალიანსს უფრო ძლიერს გახდის. ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს დღეებში, მაგრამ გვსურს პროგრესის ხილვა. ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ კონსტრუქციულები და დავეხმარებით პროცესს ნებისმიერი ფორმით, რაც შეგვიძლია. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისთვის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. ეს ომი დასრულდება არა სამხედრო გადაწყვეტით, არამედ დიპლომატიურით. რაც უფრო მალე მიიღწევა შეთანხმება ამ ომის დასასრულებლად, მით ნაკლები ადამიანი დაიღუპება“,- აღნიშნა მარკო რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას.