მარკო რუბიო – ჩვენი საგარეო დახმარება ორიენტირებულია ეროვნული ინტერესების ხელშეწყობაზე, არ დავაფინანსებთ ორგანიზაციებს, რომლებსაც ამერიკა სძულთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, USAID-ის დახურვისა და საგარეო დახმარების სისტემის რეფორმირების შემდეგ, ვაშინგტონი აღარ დააფინანსებს ორგანიზაციებსა და ჯგუფებს, რომელთა საქმიანობაც ამერიკის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„ჩვენ არ დავაფინანსებთ იმას, რაც ამერიკისთვის საზიანოა. არ მივცემთ ფულს ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც ამერიკა სძულთ“, – განაცხადა რუბიომ „ბრეითბარტთან“ ინტერვიუში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის გაუქმებამ და საგარეო დახმარების პროგრამების სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლქვეშ გადატანამ არსებითად შეცვალა ამერიკული დაფინანსების პრინციპები.
რუბიოს განცხადებით, წარსულში ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულით ფინანსდებოდნენ ორგანიზაციები, რომლებიც, მისი მტკიცებით, ანტიამერიკული პოლიტიკური ძალების ინტერესებს ემსახურებოდნენ.
„ჩვენი საგარეო დახმარება ახლა კონკრეტულად ეროვნული ინტერესების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. შეერთებული შტატები მსოფლიოში კვლავ ყველაზე გულუხვი ქვეყანაა საგარეო დახმარების თვალსაზრისით, თუმცა განსხვავება ისაა, რომ ამ დახმარებას ახლა ამერიკის ინტერესები განსაზღვრავს“, – აღნიშნა რუბიომ.
სახელმწიფო მდივანმა მაგალითად მოიყვანა ლათინური ამერიკა, სადაც, მისი მტკიცებით, გარემოსდაცვითი და ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დამცველი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია სინამდვილეში ანტიამერიკულ მემარცხენე პოლიტიკურ ქსელებთან იყო დაკავშირებული.
„ისინი, შესაძლოა, გარემოსდაცვით ან ადგილობრივი მოსახლეობის მხარდამჭერ ორგანიზაციებად წარმოჩნდებოდნენ, მაგრამ სინამდვილეში ანტიამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების გლობალური ქსელის ნაწილი იყვნენ. ჩვენ ბევრ მათგანს ვაფინანსებდით“, – განაცხადა რუბიომ.
მისი შეფასებით, USAID-ის დახურვამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინა ლათინურ ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და მემარცხენე ძალების პოზიციებზე.
ამასთან, რუბიომ აღნიშნა, რომ სააგენტოს გაუქმებასა და რეგიონში არჩევნების შედეგებს შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირი დადასტურებული არ არის, თუმცა, მისი თქმით, ეს პროცესები შემთხვევით არ დაემთხვა ერთმანეთს.
სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნებში ხელისუფლებაში მოსულ ამერიკისადმი კეთილგანწყობილ ლიდერებს ვაშინგტონთან თანამშრომლობის გაღრმავება, ამერიკული ინვესტიციების მოზიდვა და ნარკოტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლა სურთ. რუბიომ ეს ცვლილებები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მნიშვნელოვან მიღწევად შეაფასა.