მარკო რუბიო - ჩვენ არ გვაშფოთებს რუსეთთან ესკალაცია ვენესუელასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, მათ უკრაინაში აქვთ საქმეები
მარკო რუბიო - ჩვენ არ გვაშფოთებს რუსეთთან ესკალაცია ვენესუელასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, მათ უკრაინაში აქვთ საქმეები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელას გამო რუსეთთან ურთიერთობის ესკალაციას არ ელოდება.

„ჩვენ არ გვაშფოთებს რუსეთთან ესკალაცია ვენესუელასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, მათ უკრაინაში აქვთ საქმეები. ჩვენ ყოველთვის ველოდებოდით, რომ ისინი მადუროს რეჟიმს რიტორიკულ მხარდაჭერას გაუწევდნენ. ეს არ არის ფაქტორი, თუ როგორ განვიხილავთ ამ ყველაფერს“, – განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, აშშ-ის მიზანია რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შექმნა, ხოლო ვენესუელის ხელისუფლება, პირიქით, ნარკოკარტელებთან და აშშ-ის მტრებთან თანამშრომლობს.

„ჩვენი მიზანია რეგიონული სტაბილურობა და უსაფრთხოება შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები, განსაკუთრებით, ვენესუელას შემთხვევაში შემდეგია – არის არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც თანამშრომლობს ირანთან, „ჰეზბოლასთან“, ნარკოტრეფიკინგთან და ნარკოტერორისტულ ორგანიზაციებთან. არა მხოლოდ იცავს მათ ტვირთებს და საშუალებას აძლევს, დაუსჯელად იმოქმედონ, არამედ ზოგიერთ მათგანს საშუალებას აძლევს, გააკონტროლონ ტერიტორია, ეს საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს“, – აღნიშნა რუბიომ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 18 დეკემბერს განაცხადა, რომ იმედოვნებს, ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელასთან დაკავშირებით საბედისწერო შეცდომას არ დაუშვებს. მათივე განცხადებით, მოსკოვი შეშფოთებულია აშშ-ის გადაწყვეტილებებით, რაც საერთაშორისო გადაზიდვებს საფრთხეს უქმნის.