ვაშინგტონი ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და პარტნიორი ქვეყნებისთვის ამერიკულ და ცენტრალური აზიის ბაზრებზე წვდომის გაფართოებას გეგმავს

13:03, 19.10.2026

მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და პარტნიორი ქვეყნებისთვის ამერიკულ და ცენტრალური აზიის ბაზრებზე წვდომის გაფართოებას გეგმავს.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სამარყანდში განაცხადა, სადაც ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას მართავს.

რუბიოს განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ენერგეტიკის სფეროს.

„ჩვენ ვაპირებთ ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და ჩვენი პარტნიორებისთვის ამერიკულ და ცენტრალური აზიის ბაზრებზე გასვლის მეტი შესაძლებლობის შექმნას. კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების საკითხებზე დიალოგის ფარგლებში ვიმუშავებთ ჩვენი ენერგეტიკული მომავლის უზრუნველსაყოფად, ინტეგრირებული, მაღალი დამატებული ღირებულების მქონე მიწოდების ჯაჭვების განვითარებით. ასევე ვაპირებთ ათასობით ახალგაზრდა სპეციალისტის მომზადებას, რათა მათ შეძლონ მოწინავე ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენება და მხარდაჭერა ცენტრალური აზიის მზარდ ტექნოლოგიურ სექტორში“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში ვაშინგტონი ხელს შეუწყობს სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის დიალოგს, რაც ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების მნიშვნელოვან ზრდას უზრუნველყოფს.

რუბიომ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს, ცენტრალური აზიის ქვეყნები დამოუკიდებელ და ეკონომიკურად წარმატებულ სახელმწიფოებად განვითარდნენ და ვაშინგტონი მზად არის, მათთან ამ მიმართულებით ითანამშრომლოს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სამარყანდში 18 ოქტომბრის საღამოს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის მონაწილეობას მიიღებს ამერიკა-უზბეკეთის ბიზნესისა და საინვესტიციო საბჭოს მეორე სხდომაში, ასევე, ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნისა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

მსგავსი