მარკო რუბიო აცხადებს, რომ ვაშინგტონი ირანთან მოლაპარაკებების ფარგლებში ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის მოკავშირეების უსაფრთხოებას შეარყევს

00:06, 25.06.2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი ირანთან მოლაპარაკებების ფარგლებში ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის მოკავშირეების უსაფრთხოებას შეარყევს.

მისივე თქმით, ის სპარსეთის ყურის ქვეყნებს – ქუვეითს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინს სტუმრობს მადლობის გადასახდელად იმ „წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ ამ პროცესის განმავლობაში აშშ-ს გამოუცხადეს“.

„ჩვენ გვინდა, დავიწყოთ მათთან საუბარი და ჩავრთოთ ისინი დისკუსიებში ყველა იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მიიღება. ჩვენ არაფერს გავაკეთებთ ისეთს, რაც ძირს გამოუთხრის რეგიონში ჩვენი მოკავშირეების, ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორების უსაფრთხოებას,” – განაცხადა მარკო რუბიომ.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ სრუტეებით სარგებლობისთვის გადასახადის დაწესება არ მოხდება.

„მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ მეგულება, რომელიც მხარს უჭერს სრუტეებით სარგებლობისთვის გადასახადის ან მოსაკრებლის დაწესებას. ეს უბრალოდ არ მოხდება. პრეზიდენტმა ამის შესახებ მკაფიოდ განაცხადა”, – აღნიშნა რუბიომ.

მსგავსი