მარკო როსი – ძნელი დასაჯერებელია, რომ სამ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ, საქართველოსთან მეორე გოლსაც ვიმსახურებდით #1TVSPORT
საქართველოსთან მატჩის დასრულების შემდეგ უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმ განაცხადა, რომ გუნდმა კარგად ითამაშა, თუმცა უკმაყოფილო დარჩა შეხვედრის ბოლო 10 წუთით.
„საქართველოს ნაკრებში ტოპ-ლიგების 10 ფეხბურთელია და მაღალ ხარისხსა და კარგ ტექნიკურ მომზადებას ავლენს. თუმცა მეორე გოლსაც ვიმსახურებდით. მატჩის ბოლოს სობოსლაის შეცვლის შემდეგ ვიწვალეთ, თუმცა სამი ქულა დავიმსახურეთ.
მიხარია, დაცვა კვლავ საიმედოდ რომ გამოიყურებოდა – ამას მოწმობს კიდევ ერთი მატჩი გაშვებული გოლის გარეშე. თუმცა შეტევაში მეტი კონცენტრაცია გვჭირდება. ოთხი რეალური საგოლე მომენტი გვქონდა და მხოლოდ ერთი გამოვიყენეთ, რაც ამ დონეზე საკმარისი არ არის.
ამ სამ მატჩში არაერთი მომენტი შევქმენით. ამის გათვალისწინებით, ძნელი დასაჯერებელია, რომ მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ, მაგრამ რეალობა ასეთია. ახლა ძალების აღდგენა გვჭირდება, რადგან სამ დღეში უკრაინას ვეთამაშებით და ესეც ძალიან რთული მატჩი იქნება“, – განაცხადა უნგრეთის მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმ.
უნგრეთის ეროვნული ნაკრები უკრაინას ორშაბათს, 5 ოქტომბერს ტრნავაში დაუპირისპირდება, საქართველოს ნაკრები კი ბელფასტში ჯგუფის ლიდერს, ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრება.