მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით აეროპორტების გაერთიანება ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში „იუესაიდთან“ ითანამშრომლებს
მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით აეროპორტების გაერთიანება ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში „იუესაიდთან“ ითანამშრომლებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა „იუესაიდის“ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

დოკუმენტს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, თამარ არჩუაძემ და „იუესაიდის“ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა, მარკ მაკკორდმა მოაწერეს ხელი. ღონისძიებას იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საქართველოში „იუესაიდის“ (USAID/Georgia) მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი დაესწრნენ.

მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით, ასევე ინვესტორების მოძიების კუთხით. მემორანდუმის ფარგლებში „უიესაიდის“ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა დაეხმარება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ქუთაისის აეროპორტის პერსონალის უნარჩვევების განვითარებაში. შედეგად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მეტად იქნება ორიენტირებული მგზავრის საჭიროებებზე და ამ მიმართულებით დააკმაყოფილებს აეროპორტის ოპერირებისთვის საჭირო ყველა საერთაშორისო სტანდარტს.

იუესაიდის“ ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიზანია, შექმნას კონკურენტუნარიანი ეკოსისტემა საქართველოს თითოეულ რეგიონში, განავითაროს ადგილობრივი სერვისები და პროდუქტები მის პრიორიტეტულ სექტორებში მომავალი ინტერვენციებისთვის. იმერეთის რეგიონში უნარ-ჩვევების განვითარების, მარკეტინგისა და ინვესტიციების ხელშეწყობით, პროგრამა საზოგადოებასა და კერძო სექტორებს დაეხმარება, განავითარონ კონცეფცია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის გზით. მსგავსი ინიციატივა უზრუნველყოფს, რომ ქუთაისის აეროპორტში საერთაშორისო დონეზე დატრენინგებული და სერტიფიცირებული თანამშრომლები იქნებიან დასაქმებულები.