მარკეტა გრეგოროვა - საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას დიდი გართულებები მოჰყვება, არ მგონია, რომ ეს პოზიტიური იქნება, რადგან ამ არჩევნებს სტაბილურობა სჭირდება
მარკეტა გრეგოროვა - საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას დიდი გართულებები მოჰყვება, არ მგონია, რომ ეს პოზიტიური იქნება, რადგან ამ არჩევნებს სტაბილურობა სჭირდება

ვფიქრობ, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას დიდი გართულებები მოჰყვება, – ამის შესახებ თბილისში ჩამოსულმა ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენს.

ევროპარლამენტარმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უპასუხა ჟურნალისტების კითხვას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით.

როგორც გრეგოროვამ აღნიშნა, იმედოვნებს, რომ თუკი სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდება, ამას გააკეთებს ჩუმად და არა არჩევნების დღეს.

„ვფიქრობ, რომ საქართველოში მის დაბრუნებას დიდი გართულებები მოჰყვება. არ მგონია, რომ ეს პოზიტიური იქნება, რადგან ამ არჩევნებს უმეტესწილად სტაბილურობა სჭირდება. მას კი, ეს არ მოაქვს. მე არ ვსაუბრობ მის პირად პოლიტიკაზე, მე მხოლოდ სიგნალებსა და სიმბოლოებს ვგულისხმობ. ვიმედოვნებ, რომ თუკი ის დაბრუნდება, ამას ჩუმად გააკეთებს და არა 2 ოქტომბერს, როდესაც ამას ყველა ელოდება“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

ევროპარლამენტარმა თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობასა და სადამკვირვებლო მისიის როლზე ისაუბრა.

„ეს არაა მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, ეს საპარლამენტო არჩევნების დონისაა, რადგან აჩვენებს, მიემართება თუ არა საქართველო ევროპული მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვართ, რათა დავაკვირდეთ, შევამოწმოთ, რომ არ განმეორდება ბოლოს მომხდარი მანიპულაციები ან თაღლითური ქცევა“, – განაცხადა გრეგოროვამ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შეეხებოდა გავრცელებულ ინფორმაციას ევროპარლამენტარების მოსმენებთან დაკავშირებით, გრეგოროვამ იმედი გამოთქვა, რომ საკითხზე მოკვლევა ჩატარდება.

„არ ვფიქრობ, რომ ამას რაიმე გავლენა ექნება არჩევნებზე. თუმცა, ამას, რა თქმა უნდა, გავლენა ექნება ურთიერთობებზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის, როგორც პარტნიორებზე, რადგან ეს ნდობას ეხება და ამით ნდობა დაირღვა. ვიმედოვნებ, მოკვლევა ჩატარდება“, – განაცხადა გრეგოროვამ.

საქართველოში 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია შვიდი წევრით იქნება წარმოდგენილი.