მარკ რუტეს განცხადებით, ჰააგაში დაგეგმილ სამიტამდე ნატო-ს წევრ ყველა ქვეყანას შეუძლია, მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის თავდაცვის დაფინანსებისთვის გამოყოფის მიზანს მიაღწიოს
მარკ რუტეს განცხადებით, ჰააგაში დაგეგმილ სამიტამდე ნატო-ს წევრ ყველა ქვეყანას შეუძლია, მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის თავდაცვის დაფინანსებისთვის გამოყოფის მიზანს მიაღწიოს

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ჰააგაში 24-25 ივნისს დაგეგმილ სამიტამდე ალიანსის წევრ ყველა ქვეყანას შეუძლია, მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის თავდაცვის დაფინანსებისთვის გამოყოფის მიზანს მიაღწიოს.

აღნიშნული განცხადება მარკ რუტემ თურქეთის ქალაქ ანტალიაში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ გააკეთა.

„პოტენციურად, მომდევნო სამიტამდე, ჩვენ ყველანი, შეიძლება, ვიყოთ იმ ცნობილ 2%-ზე. ეს საუკეთესო საფუძველია, რომელიც შეგვიძლია, კოლექტიურად ავაშენოთ ჰააგაში დიდებული სამიტის გასამართავად, რომელიც თავდაცვის დაფინანსებას, სამხედრო-სამრეწველო წარმოებას და უკრაინას ეხება“, – განაცხადა რუტემ.

ამასთან, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა. მისი თქმით, შეხვედრა დროულია, რადგან მშვიდობასა და სტაბილურობას უპრეცედენტო საფრთხე ემუქრება, როგორც უკრაინაში, ასევე ღაზაში.

„მჯერა, ჩვენი ხვალინდელი შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დროულია, რადგან მშვიდობისა და სტაბილურობის ის ძირითადი ღირებულებები, რომლებსაც ჩვენი ალიანსი იცავს, უპრეცედენტო საფრთხის წინაშეა ისეთ ადგილებში, როგორებიცაა უკრაინა და ღაზა. ეს ხდება მაშინ, როცა ჰიბრიდული გამოწვევები და ტერორიზმი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიებს“, – განაცხადა ფიდანმა.

გარდა ამისა, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში მარკ რუტე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას შეხვდა. როგორც სიბიგამ სოციალურ ქსელში განმარტა, ნატო-ს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების შესახებ.