მარკ რუტე - რუსეთის კომბინირებულმა თავდასხმამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსკოვი რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგული არ არის
მარკ რუტე - რუსეთის კომბინირებულმა თავდასხმამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსკოვი რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგული არ არის

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ღამით განხორციელებულმა კომბინირებულმა თავდასხმამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსკოვი რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგული არ არის.

რუტემ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის შემდეგი სამმხრივი მოლაპარაკებებიც ახსენა, რომელიც 4 და 5 თებერვალს აბუ დაბიში გაიმართება.

„აქ მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული. თუმცა რუსეთი თავდასხმას განაგრძობს, როგორც წუხელ ღამით. ეს მშვიდობის მიმართ მათ არასერიოზულობას აჩვენებს“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ამასთან, მარკ რუტეს განცხადებით, დასავლელი პარტნიორები რუსეთზე ზეწოლას და უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ.

რუტე ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინელების მეგობრები, ისევე როგორც თავად უკრაინელები, „არ ისურვებდნენ მეორე ბუდაპეშტის მემორანდუმს ან კიდევ ერთ „მინსკს““.

„ნატო უკრაინის გვერდით იქნება მომავალი წლების განმავლობაში. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, თქვენი მშვიდობა – ჩვენი მშვიდობა და ის სამართლიანი, მდგრადი უნდა იყოს“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის, მარკ რუტე უკრაინის დედაქალაქში 3 თებერვალს ჩავიდა. რუტემ, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, კიევში ეროვნული ხსოვნის სახალხო მემორიალი გვირგვინით შეამკო, პატივი მიაგო იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც ქვეყნის დასაცავად თავი გაწირეს.