მარკ რუტე - რეალობაა, რომ ნიდერლანდების მოსახლეობის დიდი ნაწილი ვირუსით დაინფიცირდება, თუმცა ქვეყნის მთლიანად ჩაკეტვას არ ვაპირებთ
მარკ რუტე - რეალობაა, რომ ნიდერლანდების მოსახლეობის დიდი ნაწილი ვირუსით დაინფიცირდება, თუმცა ქვეყნის მთლიანად ჩაკეტვას არ ვაპირებთ

ნიდერლანდები მშვიდობიან პერიოდში უპრეცედენტო ზომებს მიმართვს კოორნავირუსის წინააღმდეგ, თუმცა ქვეყნის მთლიანად ჩაკეტვას არ აპირებს, – ამის შესახებ სპეციალური სატელევიზიო მიმართვისას ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა.

ნიდერლანდების პრემიერის თქმით, ქვეყნის სრული ბლოკირება შესაძლოა, „ერთი შეხედვით მიმზიდველი ჩანდეს, თუმცა ექსპერტები მიუთითებენ, რომ ეს არ იქნება კვირების ან თვეების საკითხი“.

„ასეთი სცენარის შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ფაქტობრივად ქვეყნის ჩაკეტვა ერთი წლით ან მეტი ხნით, აქედან გამომდინარე მთელი თავისი შედეგებით“, – განაცხადა მარკ რუტემ მიმართვისას.

პრემიერის თქმით, მისმა მთავრობამ ვირუსის რისკის მაქსიმალურად კონტროლის გადაწყვეტილება მიიღო.

„ნიდერლანდები ღია ქვეყანაა და ვიდრე არ არსებობს ვაქცინა, კორონავირუსი გააგრძელებს მსოფლიოში გავრცელებას როგორც ტალღა და არც ჩვენს ქვეყანას აუვლის გვერდს. ამ დრომდე გაცემული ყველა რეკომენდაცია, ყველა ზომა მიმართულია „მაქსიმალური კონტროლის“ პირველი სცენარისკენ. მარტივი მითითებებიდან დაწყებული, როგორიცაა: ხელის ჩამორთმევისგან თავიდან შეკავება, ხელების უფრო ხშირი დაბანა და 1.5 მეტრის დისტანციის დაცვა, უფრო ფართო ზომებამდე, როგორიცაა: ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვა და საკვები ინდუსტრიის ობიექტების დახურვა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველდღიურად პულსზე გვიჭირავს ხელი. რამდენ ხანს დაგვჭირდება ეს ზომები და საჭიროა თუ არა დამატებითი ქმედებები, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი ქცევა ექნება ვირუსს უახლოეს კვირებსა და თვეებში“, – განაცხადა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა.

მარკ რუტეს თქმით, შექმნილი რთული სიტუაციიდან გამოსავალი მარტივი არ არის. ნდიერლანდების პრემიერმა, ექსპერტებზე დაყრდობით აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ვირუსით ნიდერლანდების მოსახლეობის დიდი ნაწილი დაინფიცირდება.

„რეალობა არის ის, რომ კოორნავირუსი ჩვენ შორისაა და ამჟამად რჩება ჩვენს შორის. შექმნილი რთული სიტუაციიდან მარტივი ან სწრაფი გამოსავალი არ არის. რეალობა ისაა, რომ უახლოეს მომავალში ნიდერლანდების მოსახლეობის დიდი ნაწილი ვირუსით დაინფიცირდება. ეს არის ის, რასაც ექსპერტები ახლა გვეუბნებიან. ისინი ასევე გვეუბნებიან, რომ ვაქცინისა ან წამლის მოლოდონში ჩვენ შეგვიძლია, ვირუსის გავრცელება შევანელოთ და ამავე დროს, იმუნიტეტის ჩამოყალიბება ვაკონტროლოთ“, – აღნიშნა რუტემ.

მან ასევე კორონავირუსი გავრცელების ეკონომიკურ შედეგებზე ისაუბრა და კომპანიებს დახმარებას დაპირდა.

„ნებისმიერ შემთხვევაში ეს რთული დრო იქნება, თუმცა ჩვენ არ გიღალატებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ნიდერლანდების ლიდერმა კოორნავირუსით გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა, ინფიცირებულებს კი, სიმტკიცე და სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

ნიდერლანდებში ახალი კოორნავირუსით გარდაცვლილია 24 ადამიანი. გამოვლენილია დაავადების 1400-ზე მეტი შემთხვევა.