მარკ რუტე – პუტინმა ახლა დაინახა, რომ მოკავშირეები ზოგჯერ არ ეთანხმებიან ერთმანეთს, კამათობენ, თუმცა კვლავ ერთიანდებიან, ეს ძალიან ძლიერი რამ არის, მას ვეტყოდი, კარგი იქნებოდა, თავადაც მეტი ღია დისკუსია ჰქონოდა

01:59, 09.07.2026

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ალიანსის სხვა ლიდერებს შორის არსებული უთანხმოება ნატო-ს სისუსტე კი არა, მისი დემოკრატიული სიძლიერის გამოხატულებაა.

აღნიშნულის შესახებ რუტემ ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ხანდახან ადამიანებს ეჭვი ეპარებათ, არის თუ არა აშშ ნატო-ს მიმართ ერთგული. არის. ალიანსის მიმართ სრული ერთგულებაა. მე ყოველთვის მართებულად მიმაჩნდა, რომ აშშ ევროპელებისგან მოითხოვდა, თავდაცვაზე იმდენივე დაეხარჯათ, რამდენსაც თავად ხარჯავს. ახლა სწორედ ამას ვასწორებთ“, – განაცხადა რუტემ.

ამავე კონტექსტში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს დისკუსიები განასხვავებს ღირებულებებზე დაფუძნებულ ალიანსებს რუსეთისა და ჩინეთისგან.

„ვლადიმერ პუტინს ვეტყოდი, კარგი იქნებოდა, თავადაც გქონოდათ მეტი ღია დისკუსია. ეს უფრო გაგაძლიერებდათ. მან ახლა დაინახა, რომ მოკავშირეები ზოგჯერ არ ეთანხმებიან ერთმანეთს და კამათობენ, თუმცა შემდეგ კვლავ ერთიანდებიან და ეს ძალიან ძლიერი რამ არის“, – აღნიშნა ნატო-ს გენმდივანმა.

ამასთან, მარკ რუტემ უპასუხა ბრალდებას იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ზედმეტად აქებს, მოკავშირეებს კი არ იცავს.

„მათ იცოდნენ, ვის იღებდნენ სამსახურში, მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ. ვინმე თუ კარგად აკეთებს საქმეს, ამას ვიტყვი. თუ არ ვეთანხმები, ამასაც ვიტყვი, თუმცა, შესაძლოა, ღიად არა – ალიანსის ერთიანობის შესანარჩუნებლად“, – აღნიშნა რუტემ.

მსგავსი