მარკ რუტე - პუტინის აგრესია ახალი არ არის, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ვიმოქმედეთ - საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს
მარკ რუტე - პუტინის აგრესია ახალი არ არის, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ვიმოქმედეთ - საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს

პუტინის აგრესია ახალი არ არის, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ვიმოქმედეთ – საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ Carnegie Europe-ის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„პუტინი ცდილობს, წაშალოს უკრაინა რუკიდან, ის ცდილობს, გაანადგუროს ჩვენი თავისუფლება. პუტინის აგრესია ახალი არ არის, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ვიმოქმედეთ – საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს და ბევრს არ სურდა დაეჯერებინა, რომ ის 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ ყოვლისმომცველ ომს წამოიწყებდა. კიდევ რამდენი მაღვიძარას ზარი გვჭირდება? ღრმად უნდა ვიყოთ შეშფოთებული. ვიცი, რომ მე ვარ“, – განაცხადა რუტემ.

მისივე თქმით, რუსეთი უკრაინასა და ნატო-სთან გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის ემზადება.

„რუსეთი უკრაინასთან და ჩვენთან გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის ემზადება. კიბერშეტევები, აფეთქება ჩეხეთის საბრძოლო მასალის საცავში, ბალტიის რეგიონში რადარების დაბლოკვა საჰაერო მიმოსვლის შეფერხების მიზნით და ევროპის დესტაბილიზაციის მიზნით მიგრანტების „იარაღად გამოყენება – ეს თავდასხმები არ არის მხოლოდ იზოლირებული ინციდენტები; ისინი კოორდინირებული კამპანიის შედეგია ჩვენი საზოგადოებების დესტაბილიზაციისა და იმისთვის, რომ უკრაინის მხარდაჭერა შემცირდეს. ჩვენ მზად არ ვართ იმისთვის, რაც 4-5 წელიწადში გველოდება. საფრთხე მთელი სისწრაფით მოიწევს ჩვენკენ. ის, რაც უკრაინაში ხდება, შეიძლება, აქაც მოხდეს და ამ ომის შედეგის მიუხედავად, ჩვენ არ ვიქნებით უსაფრთხოდ მომავალში, თუ მზად არ ვიქნებით საფრთხესთან გასამკლავებლად“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.