მარკ რუტე - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ყველაფერი გააკეთოს მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად, რაც ყველა ქართველის ინტერესშია
საქართველოში თავიდან უნდა იყოს აცილებული ნებისმიერი ქმედება, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას ან ამ ქვეყანაში დემოკრატიის წინსვლას და ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
მარკ რუტე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად, რაც ყველა ქართველის ინტერესშია.
„ცნობები ძალადობის შესახებ ღრმად შემაშფოთებელია და მე ცალსახად ვგმობ ამას. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გააკეთონ ყველაფერი მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად და ვფიქრობ, ეს არის ყველა ქართველის ინტერესში. ნატო არის ალიანსი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, ღირებულებებს, თავისუფლებისა და დემოკრატიის პატივისცემას. მტკიცედ მჯერა, რომ ეს ღირებულებები არის ჩვენი კოლექტიური მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველი. რასაც ამ მომენტში ვხედავ, არის ის, რომ ყველა მოკავშირე ნათლად აცხადებს, რომ თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი ქმედება, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში ან დემოკრატიის წინსვლას და ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დარჩეს იმ გზაზე, რომელსაც რამდენიმე წლის წინ დაადგა“, – განაცხადა მარკ რუტემ.