მარკ რუტე - მოხარული ვარ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ცდილობს მოლაპარაკებებს რუსეთთან, მშვიდობის მისაღწევად კიდევ ბევრი ნაბიჯია საჭირო
მე მოხარული ვარ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ცდილობს მოლაპარაკებების წარმოებას რუსეთთან. მხოლოდ აშშ-ს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ლიდერობით, შეუძლია ამის გაკეთება, გასული ღამის შეხვედრა მოსკოვში მნიშვნელოვანი იყო. მშვიდობის მისაღწევად კიდევ ბევრი ნაბიჯის გადადგმა არის საჭირო, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აშშ-თან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
ამასთან, შეკითხვაზე, რატომ არ იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ბრიუსელში ლიდერების შეხვედრაზე, რუტემ აღნიშნა, რომ აშშ სრულიად არის ჩართული ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში და მუდმივი კონტაქტი აქვს მასთან.
„აშშ სრულიად ჩართულია. მათი წარმომადგენლები აქ იმყოფებიან. მარკო რუბიოს გუნდი აქ არის. მე პირადად მუდმივი კონტაქტი მაქვს მარკო რუბიოსთან. ის სამშვიდობო პროცესისთვის ბევრს მუშაობს. სრულიად გასაგებია, რომ ის დღეს აქ არ არის“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება შეკითხვას, კორუფციული სკანდალის ფონზე შეინარჩუნებს თუ არა უკრაინა დასავლეთის ნდობას, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭირო ზომებს იღებს.
„უკრაინა უმკლავდება კორუფციის სკანდალს. უკრაინის პრეზიდენტი ყველა საჭირო ზომას იღებს, რომ კორუფცია აღმოფხვრას ქვეყანაში“, – განაცხადა მან.