მარკ რუტე – ლაიფციგში რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდეგ, ნატო გერმანიას სრულ სოლიდარობას უცხადებს, მომავალშიც გავაძლიერებთ ჩვენს შესაძლებლობებს, რათა შევაკავოთ და დავიცვათ ალიანსის ყველა წევრი
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსი „სრულ სოლიდარობას უცხადებს გერმანიას 4 აგვისტოს ლაიფციგში რუსეთის მიერ განხორციელებული ჰიბრიდული თავდასხმის შემდეგ“.
„მტკიცებულებები აშკარაა. მივესალმები გერმანიის მიერ საპასუხოდ გამოცხადებულ ზომებს. ნატო მომავალშიც გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს, რათა შევაკავოთ და დავიცვათ ალიანსის ყველა წევრი ნებისმიერი საფრთხისგან, განსაკუთრებით კი ისეთი მავნე ქმედებებისგან, როგორიც ლაიფციგსა და ალიანსის ტერიტორიაზე სხვა ადგილებში მოხდა“, – განაცხადა რუტემ.
მისი თქმით, რუსეთის მცდელობები, დააშინოს ქვეყნები, შეარყიოს მათი ერთიანობა და უკრაინის მხარდაჭერის მზაობა, „უშედეგოა და განწირულია მარცხისთვის“.
„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია, ისევე როგორც ნატო-ს კოლექტიური თავდაცვისადმი ჩვენი მტკიცე ერთგულება“, – აღნიშნა რუტემ.
მანამდე, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დობრინდტმა განაცხადა, რომ ლაიფციგში ჰიბრიდულ თავდასხმაზე პასუხისმგებელი რუსეთია.
გერმანიის ხელისუფლებამ 4 აგვისტოს საღამოს, ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტის უსაფრთხოების ზონაში, უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავებს შორის, ასაფეთქებელი ნივთიერებებითა და დეტონაციის მექანიზმით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინა და ვარაუდობენ, რომ მეორე დრონი შესაძლოა, ახლომდებარე DHL-ის თვითმფრინავს შეეჯახა. გასულ კვირას, გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აეროპორტში ასევე ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მესამე დრონიც აღმოაჩინეს.
I just spoke with @Bundeskanzler Friedrich Merz. NATO stands in full solidarity with Germany after the Russian hybrid attack in Leipzig on 4 August.
The evidence is clear. And I welcome the measures announced by Germany in response. NATO will continue to strengthen our ability…
— Mark Rutte (@SecGenNATO) September 1, 2026