მარკ რუტე - გასულ წელს ჩვენ შევთანხმდით უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, საქართველო ერთი ნაბიჯით უკან არის
მარკ რუტე - გასულ წელს ჩვენ შევთანხმდით უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, საქართველო ერთი ნაბიჯით უკან არის

გასულ წელს ჩვენ შევთანხმდით უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, საქართველო ერთი ნაბიჯით უკან არის, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით კი მკაფიო გადაწყვეტილება იყო, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირში წევრობას მკაფიო ეტაპები აქვს.

„ახლა, რა თქმა უნდა, ეს არის გზა, რომელსაც აქვს მკაფიო ეტაპები. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა აკეთებს ბევრს, ძალისხმევა უზარმაზარია. საბოლოოდ ევროკომისიამ უნდა შეაფასოს, წევრობისკენ გზის რა მონაკვეთზე იმყოფება უკრაინა. რა თქმა უნდა, ჩვენ დაველოდებით ამ შეფასების შედეგებს, რომელსაც კომისია რეგულარულად აკეთებს, თუმცა ნამდვილად შთამბეჭდავია, რასაც უკრაინა აკეთებს, ასევე მისი მტკიცე გადაწყვეტილება და ნება, გადადგას შემდეგი ნაბიჯი“, – განაცხადა მარკ რუტემ.

როგორც მარკ რუტემ აღნიშნა, ევროკავშირში წევრობისთვის მკაფიო საგზაო რუკა არსებობს, რომელიც წლების წინ შეთანხმდა.

„ევროკავშირის შიგნით არის სისტემური მიდგომა, მკაფიო საგზაო რუკა მკაფიო ეტაპებით, რომელიც შეთანხმებულია წლების წინ და უკრაინა ახლა ამ გზაზეა“, – განაცხადა მარკ რუტემ.