მარკ რუტე - ფოკუსირებული ვართ იმაზე, როგორ შეგვიძლია ომის დასრულება, დარწმუნებული ვარ, ზეწოლით შევძლებთ პუტინის მაგიდასთან მოყვანას, რათა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ დადებითად შეაფასა დონალდ ტრამპის ძალისხმევა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად.
„ჩვენ განსაკუთრებით ვართ ფოკუსირებული იმაზე, როგორ შეგვიძლია ომის დასრულება. ასევე იმაზე, თუ რა არის შესაძლებელი, რომ ნატო-მ გააკეთოს პრეზიდენტ ტრამპის ხედვის მხარდასაჭერად. იმაზეც, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რათა პუტინმა მიიღოს პრეზიდენტის მოსაზრება, რომ ორივე მხარე შეჩერდეს იქ, სადაც არიან“, – აღნიშნა მარკ რუტემ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა მანამდეც გამოთქვა მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში.
„რუსული ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია. ვიცით, რომ მთელ რუსეთში გრძელი რიგებია ბენზინგასამართ სადგურებზე. ვიცით, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა და ევროპის სხვა ქვეყნებმა გააძლიერეს ძალისხმევა ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ვნახეთ ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან ზეწოლა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაზე, რათა შეწყვიტონ რუსული ნავთობის ყიდვა. ასე რომ, ამ ყველაფერს აქვს გავლენა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ზეწოლით შევძლებთ პუტინის მაგიდასთან მოყვანას, რათა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და შემდეგ სხვა მოლაპარაკებებს“, – განაცხადა რუტემ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ.