მარკ რუტე - ევროპელო და კანადელო მეგობრებო, უკრაინის მხარდაჭერა აუცილებელია, მას გამანადგურებლები და რაკეტები ხვალ სჭირდება, არ უნდა გამოგვრჩეს მთავარი - რუსეთთან ბრძოლა
მარკ რუტე - ევროპელო და კანადელო მეგობრებო, უკრაინის მხარდაჭერა აუცილებელია, მას გამანადგურებლები და რაკეტები ხვალ სჭირდება, არ უნდა გამოგვრჩეს მთავარი - რუსეთთან ბრძოლა

რუსეთის მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სისტემატური თავდასხმების ფონზე უკრაინის მხარდაჭერა აუცილებელია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ დავოსში „უკრაინული საუზმის“ დროს განაცხადა.

მარკ რუტემ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მოსაგვარებლად „სამშვიდობო მოლაპარაკებები“ უახლოეს პერიოდში დასრულდება.

„კიევს, ხარკოვს, ლვოვსა და უკრაინის ბევრ პატარა ქალაქს წყალი არ მიეწოდება. ვიცით, ელექტროენერგია გათიშულია. კიევში ამჟამად -20 გრადუსია, ამიტომ ყურადღება უკრაინაზე უნდა გავამახვილოთ. სამშვიდობო მოლაპარაკებები შესანიშნავია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი წარმატებით დასრულება უზრუნველვყოთ, მაგრამ ეს ხვალ არ მოხდება“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ამასთან, მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა, გამანადგურებლები და რაკეტები „ხვალ“ სჭირდება.

„კონცენტრირებული უნდა დავრჩეთ. ევროპელო და კანადელო მეგობრებო, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. შეერთებული შტატები მზადაა, უკრაინას იმდენი სამხედრო ტექნიკა მიაწოდოს, რამდენიც საჭიროა, განსაკუთრებით ევროპის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს ნაკადი და არ უნდა გამოგვრჩეს მთავარი საკითხი – რუსეთთან ბრძოლა. უკრაინელები ამას აკეთებენ და მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. ეს ასევე ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების საკითხია“, – აღნიშნა რუტემ.