მარკ კლეიტონი - ალექსანდრ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი ცხადყოფს გაერო-ს წესდებისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპების სრულ უგულვებელყოფას
ალექსანდრ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი ცხადყოფს გაერო-ს წესდების სრულ უგულვებელყოფას, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს შემდგომი პროვოკაციების ფონზე.
„ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი ცხადყოფს გაერო-ს წესდებისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპების სრულ უგულვებელყოფას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემასთან დაკავშირებით. დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს შემდგომი პროვოკაციების ფონზე“, – წერს ბრიტანელი დიპლომატი სოციალურ ქსელში.
როგორც ცნობილია, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.
ამასთან, დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა და საგარეო უწყებაში პროტესტის ნიშნად, საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.
მოგვიანებით, საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტი“ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.