მარკ კარნი – უსაფრთხოების გარანტიები ევროპის, კანადისა და აშშ-ის საერთო პასუხისმგებლობაა
კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კანადა-ევროპის დაახლოებაზე, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილ შეხვედრასა და ადგილობრივ ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრა.
კარნიმ ყურადღება გაამახვილა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე და აღნიშნა, რომ ამ პროცესში დასავლელი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო.
მისივე თქმით, დღეს დაგეგმილია დისკუსია უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელიც ლიდერებს აბუ დაბიში გამართული მოლაპარაკებებისა და ამერიკელი წარმომადგენლების მოსკოვში ვიზიტის შედეგებს გააცნობს.
„უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებლობა უსაფრთხოების გარანტიებზე არის ევროპული პასუხისმგებლობა, კანადასთან და შეერთებულ შტატებთან ერთად. დღეს, შუადღისას გვექნება დისკუსია პრეზიდენტ ზელენსკისთან და ის გაგვაცნობს აბუ დაბიში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს, ასევე ამერიკელი წარმომადგენლებისა და პუტინის პასუხის დეტალებს, თუმცა წინ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაოა“, – განაცხადა მარკ კარნიმ.