მარკ კარნი აცხადებს, რომ კანადა აშშ-ის შუალედურ არჩევნებში ჩარევას არ აპირებს და ტრამპის ადმინისტრაციის ბრალდებები უსაფუძვლოა
კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ უარყო აშშ-ის ბრალდებები, თითქოს კანადა ამერიკის არჩევნებში ერევა. კარნიმ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.
მისივე თქმით, კანადა აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობებისას სიფრთხილეს იჩენს და არ აპირებს ქვეყნის შუალედურ არჩევნებში ჩარევას.
„ჩვენ არ გვაქვს განზრახვა, ჩავერიოთ მათ დემოკრატიულ პროცესებში“, – განაცხადა კანადის პრემიერმა.
ამასთან, მარკ კარნიმ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანადა არასდროს გახდება აშშ-ის 51-ე შტატი.
„შეერთებული შტატების პრეზიდენტს ილუზიები არ უნდა ჰქონდეს. სრულიად ნათელია, რა პოზიცია მაქვს, რა პოზიცია აქვს კანადას და რას ფიქრობენ კანადელები. ჩვენ არასდროს გავხდებით 51-ე შტატი. ჩვენ საკუთარი გზით მივდივართ, ვემზადებით. ჩვენ ძლიერები ვართ და კიდევ უფრო ძლიერები ვხდებით“, – განაცხადა კარნიმ.
მარკ კარნიმ ასევე აღნიშნა, რომ კანადა ეკონომიკის გაძლიერებისა და საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებისთვის ემზადება. მისი თქმით, ეკონომიკურად ძლიერი კანადა ვაშინგტონისთვისაც უკეთესი პარტნიორი იქნება.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კანადელ პოლიტიკოსებს აშშ-ის შუალედურ არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს.