მარკ კარნი აცხადებს, რომ ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავება კანადის მოქალაქეებს მეტ არჩევანსა და უფრო ხელმისაწვდომ ფასებს შესთავაზებს
კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასა და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრა გამართა.
კარნის განცხადებით, ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავება კანადის მოქალაქეებს მეტ არჩევანსა და უფრო ხელმისაწვდომ ფასებს შესთავაზებს. ამასთან, მისივე თქმით, ახალგაზრდებს ევროკავშირში ცხოვრება, მუშაობა და სწავლა გაუადვილდებათ.
კარნი აცხადებს, რომ კანადა და ევროკავშირი ახალი ალიანსის შექმნაზე მუშაობენ, რომლის ფარგლებშიც კანადა ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდება.
„ჩვენ აქ ვართ, რადგან საერთო მისია გვაერთიანებს. ახალი ალიანსის შექმნის პროცესში ვართ, რომელშიც კანადა ასოცირებული წევრი იქნება. საკმარისია, ამ მაგიდას და მის გარშემო მყოფ ადამიანებს შეხედოთ, რათა დაინახოთ, რამდენად ავსებს ერთმანეთს ევროკავშირისა და კანადის შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში. ხელოვნური ინტელექტიდან ფინანსებამდე, კრიტიკულ მინერალებამდე, სასურსათო უსაფრთხოებამდე, მოწინავე წარმოებამდე და სხვა სფეროებამდე – თანამშრომლობის შესაძლებლობები ფართოა. საბოლოოდ, ეს ჩვენს ოჯახებს მეტ არჩევანსა და უფრო ხელმისაწვდომ ცხოვრებას მოუტანს. ჩვენი კომპანიებისა და მკვლევრებისთვის ბარიერები შემცირდება. ამასთანავე, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, უფრო მარტივად იცხოვრონ, იმუშაონ და ისწავლონ, განვითარდნენ და ერთად გაიზარდონ“,- განაცხადა კარნიმ.
თავის მხრივ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სამიტის მიზანია, მხარეებმა კანადასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ახლებურად გაიაზრონ და ტრანსატლანტიკური პარტნიორობა შესაძლო უმაღლეს დონეზე აიყვანონ.
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, თანამშრომლობა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა კრიტიკული ნედლეულის მიწოდების მდგრადი ჯაჭვები, თავდაცვა და უსაფრთხოება.
„ეს განსაკუთრებული სამიტია. მისი მიზანი არ არის მხოლოდ იმის განხილვა, თუ როგორ ვმართავთ ჩვენს ურთიერთობებს. ჩვენ გვინდა, ვუპასუხოთ კითხვას: როგორ შეგვიძლია, ახლებურად გავიაზროთ ჩვენი პარტნიორობა და ურთიერთობები და ისინი ახალ საფეხურზე ავიყვანოთ? ჩვენ ყოველთვის ახლო ურთიერთობა გვქონდა, თუმცა ახლა ახალ შესაძლებლობებს ვეძებთ, რათა ჩვენი პარტნიორობა შესაძლო უმაღლეს დონეზე ავიყვანოთ. სწორედ ამიტომ განვიხილავთ ორმხრივ ფორმატში ასოცირებული წევრობის იდეას. თუმცა, საუბარია ასევე მომავლის ალიანსის შექმნაზე, როგორც ეს თქვენ აღნიშნეთ. ეს უფრო ფართო კონცეფციაა. ამ ალიანსის ბირთვი, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, ევროკავშირი და კანადა იქნება, თუმცა სხვა თანამოაზრე და სანდო პარტნიორებისთვისაც კარი ღიაა. მიზანია, შევქმნათ საერთო სივრცე, სადაც მნიშვნელოვან საკითხებზე ვითანამშრომლებთ. თქვენ ახსენეთ კრიტიკული ნედლეული – ეს გულისხმობს მიწოდების მდგრად ჯაჭვებს, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობას და სხვა საკითხებს, რომლებსაც აქ განვიხილავთ“,- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.