მარკ ცუკერბერგი - წარმოუდგენელია, დააარსო კომპანია სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში, ამ მასშტაბებამდე გაზარდო და შეცდომები არ დაუშვა
მარკ ცუკერბერგი - წარმოუდგენელია, დააარსო კომპანია სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში, ამ მასშტაბებამდე გაზარდო და შეცდომები არ დაუშვა

მარკ ცუკერბერგი ყველაზე მეტად ნანობს, რომ აშშ-ის 2016 წლის  საპრეზიდენტო არჩევნების დროს კომპანიამ რუსული საფრთხეები დროულად ვერ გაშიფრა, – ამის შესახებ უმსხვილესი სოციალური ქსელის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სენატის იურიდიული და ვაჭრობის კომიტეტების წინაშე განაცხადა.​

მარკ ცუკერბერგი ამ წუთებში კონგრესმენების შეკითხვებს პასუხობს.

საკუთარ ჩვენებაში ცუკერბერგმა აღიარა, რომ 2015 წელს, როცა მათ „კემბრიჯ ანალიტიკას“ მიერ სოციალური ქსელის მომხმარებლების მონაცემთა მითვისების შესახებ შეიტყვეს, ფედერალური სავაჭრო კომისიისთვის მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

„ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით. ვფიქრობ, წარმოუდგენელია, დააარსო კომპანია სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში, შემდეგ ამ მასშტაბებამდე გაზარდო და ამ პროცესში შეცდომები არ დაუშვა. რადგანაც ჩვენი სერვისის ხასიათი ისეთია, რომ ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებასა და ინფორმაციის გაცვლას ემსახურება, შეცდომებიც მრავალფეროვანი იყო“, – მიმართა კონგრესმენებს ცუკერბერგმა.

თუმცა, მისი თქმით, Facebook-მა მონაცემთა გაჟონვის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ზომები გაატარა.

„ჩვენ გავაუქმეთ აპლიკაცია და მოვთხოვეთ დეველოპერებსა და „კემბრიჯ ანალიტიკას“, რომ წაეშალათ ყველა მონაცემი, რომელიც მანამდე ჰქონდათ მოპოვებული. მათ გვითხრეს, რომ ასეც მოიქცნენ. ამ გადასახედიდან, დიდი შეცდომა იყო მათი ნდობა. ჩვენ სიღრმისეულად უნდა გამოგვეძიებინა და სრული აუდიტი ჩაგვეტარებინა. ასეთ შეცდომას მომავალში აღარ დავუშვებთ“, – განაცხადა ცუკერბერგმა.

ცუკერბერგი ბრიტანული ანალიტიკური კომპანია „კემბრიჯ ანალიტიკას“ საქმესთან დაკავშირებით კონგრესმენების შეკითხვებს პასუხობს.

ბრალდების მიხედვით “ფეისბუქმა” ამ კომპანიას 87 მილიონი მომხმარებლის პირად მონაცემებთან წვდომის საშუალება მისცა.

მანამდე კონგრესმა გამოაქვეყნა „ფეისბუქის“ დამფუძნებლის ჩვენების ტექსტი, რომელშიც ცუკერბერგი ბოდიშს იხდის და აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა.

11 აპრილს მარკ ცუკერბერგი წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტების წინაშეც წარდგება.

ბრიტანული კომპანიის „კემბრიჯ ანალიტიკას“ გარშემო სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი მომსახურებით დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი სარგებლობდა. ამერიკული მედიის გამოძიებიდან კი ირკვევა, რომ ეს კომპანია მსოფლიოს გარშემო 200-ზე მეტ პლებისციტში ჩაერია. მათ შორის იყო არჩევნები კენიაში, ჩეხეთში, ნიგერიაში, ასევე ბრექსითის შესახებ რეფერენდუმი.