მარკ ცუკერბერგი - „კემბრიჯ ანალიტიკას“ სკანდალთან დაკავშირებით Facebook-მა შეცდომები დაუშვა
მარკ ცუკერბერგი - „კემბრიჯ ანალიტიკას“ სკანდალთან დაკავშირებით Facebook-მა შეცდომები დაუშვა

მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ „კემბრიჯ ანალიტიკას“​ სკანდალთან დაკავშირებით Facebook-მა შეცდომები დაუშვა.

სოციალური ქსელის დამფუძნებელმა პირობა დადო, რომ გაატარებს ცვლილებებს, რომლებიც უკანონოდ დაინტერესებული პირებისთვის მომხმარებელთა ინფორმაციის მოპოვებას უფრო რთულს გახდის.

„კემბრიჯ ანალიტიკას“​ მხრიდან Facebook-ის ნდობის ბოროტად გამოყენებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ასევე ჩვენი მომხმარებლების ნდობით ბოროტად სარგებლობა გამოვიდა Facebook-ის მხრიდანაც, რომლებიც საკუთარ მონაცემებს გვიზიარებდნენ“, – განაცხადა ცუკერბერგმა.

ცუკერბერგის თქმით, ის, როგორც სოციალური ქსელის სულის ჩამდგმელი, სრულად იღებს პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც ამ პლატფორმაზე ხდება.
Facebook-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ კომპანია ვალდებულია ის 50 მილიონი მომხმარებელი გააფრთხილოს, ვინც Cambridge Analytica-ს სამიზნე ჯგუფი გახდა.

მანამდე კი, Cambridge Analytica-ს დირექტორთა საბჭომ კომპანიის გენერალური დირექტორი ალექსანდრ ნიქსი თანამდებობიდან გადააყენა.

საბჭოს გადაწყვეტილება უკავშირდება Channel 4-ის მიერ გავრცელებულ ნიქსის განცხადებებს, რომელიც ტელეარხმა ფარულად ჩაწერა. საბჭოს განცხადებით, ნიქსის გამონათქვამები შეუსაბამოა ფირმის ფასეულობებთან.
აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საგამოძიებო უწყებებს მარკ ცუკერბერგის დაკითხვაც სურთ. საქმე Facebook-ის მიერ მომხმარებელთა პირადი მონაცემების Cambridge Analytica-სთვის გადაცემას ეხება. როგორც BBC წერს, მონაცემთა ანალიზის კომპანია Cambridge Analytica 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს ეხმარებოდა.
საქმეზე გამოძიება 18 მარტს დაიწყო.

იმის შესახებ, რომ ევროკავშირი Facebook-ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას გამოიძიებს, ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა.

ბრალდების ვერსიით, 2016 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში Facebook-მა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად სოციალური ქსელის 50 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი ანგარიში მათი ინფორმირების გარეშე გამოიყენა.
20 მარტს კი Channel 4-მა გამოაქვეყნა კადრები, სადაც ჩანს ალექსანდრ ნიქსის საუბარი პოტენციურ კლიენტთან. აქ ნიქსი ამბობს, რომ Cambridge Analytica დონალდ ტრამპის შტაბისთვის ინტერნეტში კამპანიას აწარმოებდა და სოციალური ქსელის მონაცემებს იყენებდა.