მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ტაქსის მძღოლები „B კატეგორიაში“ მუშაობას 2021 წლის პირველ იანვრამდე შეძლებენ
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ტაქსის მძღოლები „B კატეგორიაში“ მუშაობას 2021 წლის პირველ იანვრამდე შეძლებენ

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ტაქსის მძღოლებს ვაძლევთ უფლებას, „B კატეგორიაში“ გააგრძელონ მუშაობა 2021 წლის პირველ იანვრამდე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

„საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან  დაკავშირებით. მათ აგვიხსნეს, რომ ერთი წელი, რომელიც ჰქონდათ, არ იყო საკმარისი, რათა მომზადებულიყო მარჯვენასაჭიანი ავტომობილები და მომხდარიყო მათი ჩანაცვლება. გვთხოვეს, რომ B კატეგორიაში მარჯვენასაჭიანი ტაქსები დაშვებული იყოს. ჩვენ ამაზე დავთანხმდით და აქაც გვინდა, რომ დროში ჩავკეტოთ. 2020 წლის ბოლო არის, 2021 წლის პირველი იანვრიდან უკვე ავტომატურად შევა ძალაში, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები აიკრძალება ასევე „B კატეგორიაში“. მათ აქვთ წელიწადნახევარი, რათა ჩაანაცვლონ ავტომობილები. კარგად გვესმის იმ ადამიანების, გვესმის არსებული მდგომარეობა და ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მოახდინონ ავტომობილების ჩანაცვლება და 2021 წლიდან მარცხენასაჭიანი ავტომობილებით გააგრძელონ საქმიანობა, გინდა „A კატეგორიაში“, გინდ „B კატეგორიაში“. თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენი მხრიდან ექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის 27 მარტის სხდომაზე ტაქსების მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრა. მერმა აღნიშნა, რომ ლიცენზიის ორი მიმართულება იქნება. მისი თქმით, „A კატეგორიის“ ლიცენზიის მქონე მძღოლებს აქვთ ვალდებულება, ჰყავდეთ თეთრი ავტომობილი. ამასთან, „A კატეგორიის“ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს მუნიციპალიტეტისგან უფასოდ გადაეცემათ სპეციალური მანათობელი. რაც შეეხება „B კატეგორიის“ ლიცენზიანტებს, მათ არ აქვთ არანაირი ვალდებულება, არც ტაქსის გადაღებვისა და არც მანათობლის დაყენების. მათ შესაძლებლობა აქვთ, „ტაქსიფაის“ და „უბერის“ სისტემაში გაერთიანდნენ და ამ სისტემით მოემსახურონ დედაქალაქის მოსახლეობას.

ამასთან, დედაქალაქის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ მგზავრთა ნებართვის ახალი წესის განმარტებისას განაცხადა, რომ ორკარიანმა ავტომობილმა არ უნდა უზრუნველყოს ტაქსის მომსახურების სერვისი ისევე, როგორც მარჯვენასაჭიანმა.