მარიუპოლის მერიის წარმომადგენელი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ქალაქიდან ევაკუაცია ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება
მარიუპოლის მერიის წარმომადგენელი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ქალაქიდან ევაკუაცია ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება

ოკუპირებული მარიუპოლის ირგვლივ მდებარე საგუშაგოებზე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მილიციასა და ადგილობრივ კოლაბორანტებს რუსული გვარდიისა და „კადიროველების“ წარმომადგენლები ცვლიან და ფაქტობრივად, ქალაქიდან ევაკუაცია შეუძლებელი ხდება, – ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრ ანდრიუშენკომ „ტელეგრამით“ განაცხადა.

„ქალაქიდან ჩვენი წყაროები იტყობინებიან, რომ მარიუპოლის გარშემო საგუშაგო-გამშვებ პუნქტებზე ზაპოროჟიეს მიმართულებით ოკუპანტების როტაცია მიმდინარეობს. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. მილიციასა და ადგილობრივ კოლაბორანტებს რუსული გვარდიისა და „კადიროველების“ წარმომადგენლები ცვლიან“, – აღნიშნა ანდრიუშენკომ.

ანდრიუშენკოს თქმით, ოკუპანტები დამატებით საგუშაგო-გამშვებ პუნქტებს აწყობენ იმ გრუნტოვან გზებზეც, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ბლოკპოსტების გვერდის ავლა. ანდრიუშენკომ აღნიშნა, რომ ფაქტობრივად, დღეიდან ქალაქიდან ნებისმიერი ევაკუაცია შეუძლებელი ხდება, ვიდრე მოლაპარაკებების შედეგად გარკვეული დერეფნები არ გაიხსნება.

„ყველა, ვინც ოკუპანტების პროპაგანდას და ინფორმაციას ეყრდნობა და პირადი ნივთების გასატანად მარიუპოლში დროებით დაბრუნებას აპირებს, ნუ გააკეთებს ამას“, – განაცხადა ქალაქის მერის მრჩეველმა და აღნიშნა, რომ აგრძელებენ მუშაობას ევაკუაციაზე.