მარიუპოლის მერი - მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ყველა მოქალაქეს, რომ დღეს უკრაინას ასე უჭერენ მხარს
მარიუპოლის მერი - მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ყველა მოქალაქეს, რომ დღეს უკრაინას ასე უჭერენ მხარს

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთელს მოსახლეობას, მთავრობას, ყველა მოქალაქეს, რომ დღეს უკრაინას ასე უჭერენ მხარს, – „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ შეიქმნას დერეფანი და უამრავმა ადამიანმა მიიღოს შანსი, შეუნარჩუნდეს სიცოცხლე.

„ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, თქვენგან, თქვენი ხალხისგან ვიღებთ დიდ მხარდაჭერას, დიდ დახმარებას, როდესაც ჩვენ რუსული აგრესიის პირდაპირ რკალში ვართ. მიმდინარეობს, არ წყდება მოლაპარაკება, ჩვენ შეიძლება ითქვას, ვსულდგმულობთ იმედით ისევე, როგორც მთელი ცივილიზებული სამყარო და ველით სასიხარულო ცნობას, როდის მოვა ის წუთი, როდესაც გავიგებთ, რომ ასობით ადამიანი, უამრავი დაჭრილი მიიღებს შანსს, რომ შეიქმნას დერეფანი და შეუნარჩუნდეთ სიცოცხლე“, – განაცხადა ვადიმ ბოიჩენკომ.

მისივე თქმით, პირველი დღიდანვე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაანგრიეს ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი, ის ადგილები, ობიექტები, რომლითაც მოსახლეობა შეიძლება გამოსულიყო ოკუპირებული ქალაქებიდან.

„მოსახლეობის თხოვნას, რომ გაეტარებინათ, ისინი პასუხობდნენ ცეცხლით. ქალაქი ბლოკადაშია. მხოლოდ და მხოლოდ 13 მარტს ჩვენ მოვახერხეთ პირველი დერეფანი გაგვეკეთებინა და ამის წყალობით მოვახერხეთ, რომ 100 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გამოგვეყვანა, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს მარიუპოლში 100 ათასზე მეტი მოქალაქეა, რომელიც ელოდება ამ საშუალებას, რომ მოხდეს მათი ევაკუირება, მაგრამ ისინი დაბლოკილი არიან ოთხი ე.წ. საფილტრაციო ცენტრით. ეს პროცედურა გრძელდება და შეიძლება, გაიჭიმოს რამდენიმე თვის განმავლობაში. დეპორტაციას ახდენენ სწრაფად დონბასისკენ, მაგრამ ძალზე ნელა ხდება ევაკუირება უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – განაცხადა ვადიმ ბოიჩენკომ.