მარინე ჩიტაშვილი -  2020 წელს პარლამენტში შეიძლება, მოვიდეს რამდენიმე პარტია, მაგრამ ამ პარტიების უკან კვლავ ერთი და იგივე რესურსი იდგეს
მარინე ჩიტაშვილი -  2020 წელს პარლამენტში შეიძლება, მოვიდეს რამდენიმე პარტია, მაგრამ ამ პარტიების უკან კვლავ ერთი და იგივე რესურსი იდგეს

2020 წლისთვის, მრავალპარტიულობა იმის გარანტია არ იქნება, რომ პოლიტიკა დაბრუნდება, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, მარინე ჩიტაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„საპარლამენტო რესპუბლიკას შეიძლება, დავემსგავსოთ ფორმალურად, ან რეალურად. ფორმალურში ვგულისხმობ იმას, რომ 2020 წელს პარლამენტში მოვიდეს რამდენიმე პარტია, მაგრამ ამ პარტიების უკან კვლავ ერთი და იგივე რესურსი იდგეს. ეს არის ერთი ვარიანტი და არსებობს მეორე ვარიანტი – მესამე ძალა შეიძლება იყოს სრულიად ულტრამემარჯვენე, ფაშისტური იდეოლოგიის, ულტრანაციონალისტური იდეებით, როგორც ბევრგან მოხდა“, – განაცხადა ჩიტაშვილმა.

ამ განცხადებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გადაცემის წამყვანის, ირაკლი აბსნაძის შეკითხვას უპასუხა, საიდან შეიძლება წამოვიდეს მესამე ძალა, რომელსაც ყველა ელოდება, როგორ შეიძლება, პოლიტიკური პროცესი სიჯანსაღისკენ ოდნავ მაინც წავიდეს და საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკას დაემსგავსოს, რისკენ ლტოლვაც დეკლარირებული გვაქვს.