მარინა მუსხელიშვილი - როდესაც მთელ მედიასივრცეში ერთიანი თამაშის წესებია, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ იქნება რომის პაპზე უფრო მეტი კათოლიკე
მარინა მუსხელიშვილი - როდესაც მთელ მედიასივრცეში ერთიანი თამაშის წესებია, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ იქნება რომის პაპზე უფრო მეტი კათოლიკე

როდესაც მთელ მედიასივრცეში ერთიანი თამაშის წესებია, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ იქნება რომის პაპზე უფრო მეტი კათოლიკე, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, მარინა მუსხელიშვილმა საბჭოს სხდომაზე ზვიად რატიანის საჩივრის განხილვის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საბჭოში შესული საჩივარი მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ინტერპრეტაციას წარმოადგენდა.

„სამეურვეო საბჭო გარკვეულწილად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. საბჭოს თითოეული წევრი განწყობილია დაზარალებული ადამიანის სასარგებლოდ. მიგვაჩნია, რომ ამ ადამიანის თანადგომა საჭიროა. დეკემბერშიც გამოვთქვით შეშფოთება, რომ ასეთი მოვლენები ხდება. მაგრამ, მეორე მხრივ, რასაც ჩვენ დღეს განვიხილავდით, იყო უშუალოდ ინტერპრეტაცია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის იმ სიუჟეტთან მიმართებით, რომელიც მომჩივანმა წამოაყენა“, – განაცხადა მუსხელიშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის განცხადებით, მაუწყებლის მიერ გაშუქებული მასალა, რომელიც საჯარო სხდომაზე იყო წარმოდგენილი, რომლის დახურვაც ზვიად რატიანის ადვოკატს არ მოუთხოვია. მისივე თქმით, აღნიშნული მასალა სხვა მაუწყებლების სიუჟეტებშიც მოხვდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ზვიად რატიანის საჩივარი არ დააკმაყოფილა და მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

მომჩივანი მხარე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა.