მარინა კალიურანდი - ვიცი, რომ ჩვენ ამას ყველა საპარლამენტო არჩევნების წინ ვაცხადებთ, მაგრამ ნამდვილად მწამს, რომ ეს არჩევნები გადამწყვეტია
მარინა კალიურანდი - ვიცი, რომ ჩვენ ამას ყველა საპარლამენტო არჩევნების წინ ვაცხადებთ, მაგრამ ნამდვილად მწამს, რომ ეს არჩევნები გადამწყვეტია

მომავალი გახლავთ ქართველების ხელში. ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევნები, რომელიც შემოდგომაზე ჩატარდება, გადამწყვეტი იქნება, – ამის შესახებ ვროპარლამენტის წევრმა, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მარინა კალიურანდიმ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე – „მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში: დეოკუპაციისთვის ბრძოლის 12 წელი“ განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არეულობა და პროვოკაცია არ იქნება, ხოლო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება.

„ჩვენ გვაქვს უფლება, გადავწყვიტოთ მომავალი. მომავალი გახლავთ ქართველების ხელში. ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევნები, რომელიც შემოდგომაზე ჩატარდება, გადამწყვეტი იქნება. გასულ წელს ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო, როდესაც კონსტიტუციური შესწორებები არ იყო მიღებული. მინდა, მივულოცო საქართველოს, რადგან კონსტიტუციაში ცვლილებები ამ წლის ივლისში შევიდა. არჩევნებამდე დარჩენილია რამდენიმე თვე და მოთმინებით დაველოდოთ, რომ პროვოკაცია და არეულობა არ იქნება, რომ წინასაარჩევნო დრო გამოყენებული იქნება, არჩევნები ჩატარდება მშვიდობიანად, დემოკრატიულად და სამართლიანად.

თქვენი საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს თქვენი ქვეყნის მომავალს არა მხოლოდ შემდეგი რამდენიმე წლით, არამედ – შემდეგი ათწლეულისთვის. მე ვიცი, რომ ჩვენ ამას ყველა საპარლამენტო არჩევნების წინ ვაცხადებთ, მაგრამ ნამდვილად მწამს, რომ ეს არჩევნები გადამწყვეტია“, – განაცხადა მარინა კალიურანდიმ.

მისივე თქმით, საქართველომ რეფორმების გატარება უნდა განაგრძოს არა იმიტომ, რომ ამას ევროპა ითხოვს, არამედ იმიტომ, რომ ამას ქართველი ხალხი იმსახურებს.

„გააგრძელეთ თქვენი რეფორმები. ქვეყნის რეფორმირება სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად გახლავთ ის, რისი დანახვაც რუსეთს არ სურს. დემოკრატიული რეფორმების შემოტანა – ეს გახლავთ ნაბიჯი არა იმიტომ, რომ ევროპელები ითხოვენ ამას, არამედ იმიტომ, რომ თქვენი ხალხი იმსახურებს ამას. თქვენი ხალხი ნათლად აცხადებს, რომ სჭირდებათ ასეთი მომავალი. იქიდან გამომდინარე, რომ მე სამხრეთ კავკასიის დელეგაციის თავმჯდომარე ვარ, შემიძლია ვთქვა, რომ გავაგრძელებ საქართველოსა და სხვა ქვეყნების გაძლიერებას ევროპული პარლამენტის დღის წესრიგში. ჩვენ ვიქნებით დამკვირვებლები არჩევნებზე და მხარს დავუჭერთ საქართველოს ყველა მიმართულებით იმ დროს, როდესაც საქართველო იდგება თავისი დემოკრატიის გზაზე“, – განაცხადა კალიურანდმა.