მარინა კალიურანდი - პოლიტიკოსები მუდამ ცდილობენ დოკუმენტების ინტერპრეტირებას, გამარჯვებული არის ქართველი ხალხი
მარინა კალიურანდი - პოლიტიკოსები მუდამ ცდილობენ დოკუმენტების ინტერპრეტირებას, გამარჯვებული არის ქართველი ხალხი

პოლიტიკოსები მუდამ ცდილობენ დოკუმენტების ინტერპრეტირებას, გამარჯვებული არის ქართველი ხალხი, – ეს განცხადება ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ დამტკიცებულ ანგარიშზე საუბრისას გააკეთა.

„პოლიტიკოსები მუდამ ცდილობენ სხვადასხვა პოლიტიკური დოკუმენტების ინტერპრეტირებას საკუთარ ინტერესებში. ეს ანგარიში მოამზადა ჩემმა კარგმა კოლეგამ, სვენ მიქსერმა, რომელიც ასევე ესტონელი გახლავთ, ჩვენ ერთ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოვადგენთ და ის ასევე გახლავთ ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი. მე მივულოცე სვენს, რადგან ეს ძალიან დაბალანსებული ანგარიშია. პარლამენტში ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ პოლიტიკური ჯგუფები აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებსაც ელექტორატი დღეს და ხვალ აიტაცებს, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ უფრო ფართო სურათს. როდესაც ჩვენ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს და გვინდა, ვიყოთ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები, უნდა გვახსოვდეს უფრო ფართო სურათი და ეს არის ქართველი ხალხის, ერის ევროპული მისწრაფება. ერთადერთი, ვინც ამ ანგარიშით სარგებელი მიიღო, არის ქართველი ხალხი. ეს ანგარიში მკაფიოდ ამბობს, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას მათ მისწრაფებებში. ეს ანგარიში აღიარებს რეფორმებს, რადგან არავის შეუძლია რეფორმების გატარება ხალხის გარეშე. ამ რეფორმებისთვის ხალხი იხდის. ხალხს უნდა ესმოდეს, რატომ არის კარგი რეფორმები. რეფორმებს ევროკავშირისა და ევროპარლამენტისთვის არ ატარებენ. რეფორმები საჭიროა, რათა საზოგადოება უკეთესობისკენ შეიცვალოს. ასე რომ, გამარჯვებული არის ქართველი ხალხი“, – განცხადა კალიურანდმა.

ინტერვიუს სრულ ვერსიას 20 სექტემბერს საქართველოს რადიოს ეთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემა „მსოფლიოს ამბებში“ მოისმენთ.

დატოვე კომენტარი