მარინა კალიურანდი - მმართველ პარტიას არ შეუძლია სასწაულების მოხდენა, თუ არ არსებობს რეალური თანამშრომლობის სურვილი პარლამენტში, ოპოზიციამ სარკეში უნდა ჩაიხედოს და დაიწყოს კონსტრუქციული თანამშრომლობა
მარინა კალიურანდი - მმართველ პარტიას არ შეუძლია სასწაულების მოხდენა, თუ არ არსებობს რეალური თანამშრომლობის სურვილი პარლამენტში, ოპოზიციამ სარკეში უნდა ჩაიხედოს და დაიწყოს კონსტრუქციული თანამშრომლობა

ბუნებრივია, მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, მმართველ პარტიას, რადგან ისინი არიან ხელისუფლებაში და აქვთ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, მაგრამ მმართველ პარტიას არ შეუძლია სასწაულებს მოხდენა, თუ არ არსებობს რეალური თანამშრომლობის სურვილი და გაწყობა პარლამენტში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა.

როგორც მარინა კალიურანდმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ოპოზიციამ გადაწყვიტა თავის დროზე არ შესულიყო პარლამენტში, შემდეგ ხელი არ მოეწერა შარლ მიშელის შეთანხმებისთვის.

„100 დღის შემდეგ ამის გაკეთება ძალიან გვიანი იყო. მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ყველაფერი მოხდა და მათ შეაფერხეს საქართველოს ევროპული ასპირაცია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ძირითადი პასუხისმგებლობა მმართველ გუნდზეა, მაგრამ ოპოზიციამ ასევე სარკეში უნდა ჩაიხედოს და დაიწყოს კონსტრუქციული თანამშრომლობა. ხალხი პარლამენტის ყველა წევრისგან ამას ელოდება. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს, აქ ისევ პირველ პუნქტს უნდა დავუბრუნდეთ. შეწყვიტეთ პოლარიზაცია, გაერთიანდით, იმსჯელეთ საქართველოს მომავალზე, დააყენეთ თქვენი ხალხის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე წინ და დაიწყეთ თანამშრომლობა. ერთმანეთის დადანაშაულებით საქართველო არ ხდება უფრო უკეთესი, უფრო მდიდარი და ქართველი ხალხი უფრო ბედნიერი. ერთმანეთის დადანაშაულებით, ბრალდების ავტორები არ ხდებიან უფრო ძლიერები და უკეთესები. მე იმედს ვიტოვებ, რომ ქართველი პოლიტიკოსები ამას მიხვდებიან და ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა უკეთ მომზადებულნი შეხვდნენ შეფასებებს დეკემბერში“, – განაცხადა კალიურანდმა.