მარინა კალიურანდი - კრისტიან დანიელსონის შეთავაზება ითვალისწინებს ყველა პარტიის ინტერესს, ჩემი რჩევაა, ამ შეთავაზებას ძალიან სერიოზულად მიუდგნენ
მარინა კალიურანდი - კრისტიან დანიელსონის შეთავაზება ითვალისწინებს ყველა პარტიის ინტერესს, ჩემი რჩევაა, ამ შეთავაზებას ძალიან სერიოზულად მიუდგნენ

კრისტიან დანიელსონის შეთავაზება ითვალისწინებს ყველა პარტიის ინტერესს, ჩემი რჩევაა პოლიტიკური ლიდერებისადმი, ამ შეთავაზებას ძალიან სერიოზულად მიუდგნენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სოციალ-დემოკრატების ჯგუფის წევრმა, მარინა კალიურანდიმ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მზაობა, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველი ნაბიჯის გადადგმას ყველა მმართველი პარტიისგან მოელის.

„მე ვერ გავცემ კონკრეტულ რეკომენდაციებს, რადგან საბოლოოდ გადაწყვეტილებები ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ. ვფიქრობ, ბატონმა დანიელსონმა გააკეთა მაქსიმუმი, როდესაც მან წარადგინა კომპრომისული შეთავაზება. ეს შეთავაზება ითვალისწინებს ყველა პარტიის ინტერესს, ის არის დაბალანსებული და ჩემი რჩევაა ყველა პოლიტიკური ლიდერისადმი, რომ ამ შეთავაზებას ძალიან სერიოზულად მიუდგნენ. გუშინ ვესაუბრე ჩემს ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს და მან მაცნობა „ქართული ოცნების“ მზაობის შესახებ, ხელი მოაწერონ კომპრომისულ ტექსტს. ეს არის ძალიან პოზიტიური ამბავი. მე მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, გააკეთონ ეს, რადგან როგორც აღვნიშნე, ყველა პოლიტიკური პარტია უნდა შეთანხმდეს, თუმცა ყველას ყურადღება მიმართულია მმართველი პარტიისკენ, რომ მათ გადადგან პირველი ნაბიჯი. მე ნამდვილად მოვუწოდებ მათ, ძალიან ყურადღებით განიხილონ პირველი ნაბიჯის გადადგმა, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომებით, გარანტიით, რომ არ იქნება დამატებითი საკითხები წარმოდგენილი მოლაპარაკებების მაგიდაზე, არ იქნება დამატებითი მოთხოვნები ოპოზიციის მხრიდან.

ვინმემ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი და ეს მნიშვნელოვანია. მე ვერ გავცემ კონკრეტულ რჩევას, თუმცა ჩემი ზოგადი რჩევა იქნება, დააყენონ პარტიის ინტერესები ქვეყნისა და ხალხის ინტერესებზე ქვემოთ და იპოვონ გამოსავალი. ეს არ არის მარტივი პოლიტიკოსებისთვის. ეს გადაწყვეტილებები არ არის პოპულარული, თუმცა ზოგჯერ უნდა მიიღო არაპოპულარული გადაწყვეტილება, რადგან ისინი გრძელვადიან პერსპექტივაში სწორი იქნება“, – განაცხადა მარინა კალიურანდიმ.