მარინა კალიურანდი - იმედგაცრუება იყო იმის ხილვა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრაზე ბევრი ხმა ვერ მოგროვდა
მარინა კალიურანდი - იმედგაცრუება იყო იმის ხილვა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრაზე ბევრი ხმა ვერ მოგროვდა

იმედგაცრუება იყო იმის ხილვა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრაზე ბევრი ხმა ვერ მოგროვდა, – ეს განცხადება ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ დამტკიცებულ ანგარიშზე საუბრისას გააკეთა.

„იმედგაცრუება იყო იმის ხილვა, რომ საკონსტიტუციო რეფორმების მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრაზე ვერ მოგროვდა იმდენი ხმა, რამდენიც პირველ რაუნდში. მე შევყურებ ოპოზიციას, რადგან მგონია, რომ ახლა ოპოზიციას დიდი ძალა აქვს, რათა ეს არჩევნები გახადოს მშვიდობიანი, სამართლიანი და თავისუფალი. მე არ მინდა მხოლოდ მმართველი პარტიის დადანაშაულება. მათ ისედაც ვესაუბრები, მაგრამ ეს ყველა პოლიტიკური პარტიის მორალური და ეთიკური ვალდებულებაა, მათ შორის, ოპოზიციის. სწორედ ამიტომ ვახსენე ჩემს გამოსვლაში სპეციფიკურად ოპოზიცია. საქართველოში დღეს არის პოლარიზაცია, მაგრამ 31 ოქტომბრამდე კიდევ ექვსი-შვიდი კვირა რჩება. ამიტომ ოპოზიციას აქვს საკუთარი როლი ამ პროცესში, რათა გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, რომ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებამდე მივიდეთ. ცხადია, იგივე ითქმის მმართველ პარტიაზეც. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია. მნიშვნელოვანია, ყველას თანაბრად ჰქონდეს წვდომა მედიასთან. ორივე მხარეს აქვს საკუთარი ვალდებულება, მაგრამ მხოლოდ ერთ მხარეს ვერ მოვუწოდებ ან დავადანაშაულებ. ორივე მხარე უნდა მიხვდეს, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

ინტერვიუს სრულ ვერსიას 20 სექტემბერს საქართველოს რადიოს ეთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემა „მსოფლიოს ამბებში“ მოისმენთ.