მარინა კალიურანდი - ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება გამოსაფხიზლებელია, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ყურადღებით დააკვირდება რეფორმების პროცესს
მარინა კალიურანდი - ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება გამოსაფხიზლებელია, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ყურადღებით დააკვირდება რეფორმების პროცესს

მივესალმები ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლოდოვისა და უკრაინის აპლიკაციასთან დაკავშირებით, სამივე ქვეყანა ძვირფასია ჩემთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება ყველა ქვეყნისთვის არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი მკაცრი კრიტერიუმებით განპირობებული.

„ამ რთულ დროში, უკრაინაზე რუსეთის სასტიკი აგრესიისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს განმეორებადი დესტაბილიზაციის მცდელობის ფონზე, ევროკავშირის ლიდერებმა მხარდამჭერის მკაფიო მესიჯი გაუგზავნეს უკრაინელ და მოლდოველ ხალხს თავისუფლად არჩეულ ევროპულ გზაზე. მინდა, მათ მივულოცო ეს გარდამტეხი მომენტი.

ეს მისწრაფებები თანაბრადაა გაზიარებული ქართველი ხალხის მიერ. ამას მოწმობს ბოლო დღეების განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად გამართული მასობრივი აქციები. სამწუხაროდ, ევროკავშირის ინსტიტუტების განმეორებადი გაფრთხილებების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა ლიდერებმა ყველა მხრიდან მარცხი განიცადეს ამ მისწრაფების მიღწევაში.

არავინ უარყოფს, რომ საქართველო, რომელიც ადრე ასოცირებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მოწინავე ქვეყანად მიიჩნეოდა, რომელმაც ბევრი მიმართულებით, ევროკავშირთან ჰარმონიზებული კანონმდებლობა შექმნა, შეფერხდა ისეთ საკითხებში, როგორიცაა მაგალითად, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება, ოლიგარქიზაცია, პოლიტიკური და მედიალანდშაფტის პოლარიზაცია.

ევროკავშირში გაწევრიანება ყველა ქვეყნისთვის არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, მკაცრი კრიტერიუმებით განპირობებული. მივესალმები მნიშვნელოვან ფაქტს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა აღიარეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, იმის ხაზგასმით, რომ პირობები უნდა შესრულდეს, თუ საქართველოს სურს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება.

მე გუშინდელ გადაწყვეტილებას გამოსაფხიზლებელ გადაწყვეტილებად ვხედავ. საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დახურული არ არის. ევროპული კომისია საქართველოს პროგრესს 2022 წლის ბოლოს შეაფასებს და მუშაობა უნდა დაიწყოს ახლავე. საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი ყურადღებით დააკვირდება მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესს“, – წერს მარინა კალიურანდი.