მარინა კალიურანდი - ძალიან სასიამოვნო და დამაჯერებელი იყო, რომ „ქართული ოცნება“ ევროპულ გზას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს
ძალიან სასიამოვნო და დამაჯერებელი იყო, რომ „ქართული ოცნება“ ევროპულ გზას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ქართულ საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.
კალიურანდმა აღნიშნა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია, ქვეყანა ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.
„ჩვენ განვიხილეთ ქართველ დეპუტატებთან საქართველოს ევროპული გზა. ძალიან სასიამოვნო იყო და დამაჯერებელი, რომ „ქართული ოცნება“ კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს ევროპულ გზას. მეტიც, ძალიან ბევრს მუშაობს იმისათვის, რომ რეფორმების გატარებით საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს. ადრეც გითხარით, არჩევნები დასრულდა და ახლა დროა, ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას და ნორმალურ მუშაობას დაუბრუნდეს ქვეყანა. ამაში ვგულისხმობ საქართველოს პარლამენტის სრულყოფილ მუშაობას“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედთან“ ევროპარლამენტარმა.
მარინა კალიურანდის თქმით, ახლა პარლამენტისა და პლენარული სხდომების ბოიკოტის დრო არ არის.
„ჩვენი რჩევაა, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან იმუშაოს, რომლებიც მზად არიან თანამშრომლობისთვის. დიალოგი აუცილებელია. ახლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაზე მსჯელობის დროა. ეს არის ევროპული და ევროინტეგრაციის დღის წესრიგი, ეკონომიკა, სოციალური საკითხები, პანდემია, კორონავირუსის გამო შექმნილი უამრავი პრობლემა“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.