მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი - მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას, დაადასტუროს თავისი ვალდებულება ევროკავშირის წევრობაზე და დაიცვას ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლება
მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი - მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას, დაადასტუროს თავისი ვალდებულება ევროკავშირის წევრობაზე და დაიცვას ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლება

ევროპარლამენტის წევრები მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„გუშინ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ. ამით ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა უგულებელყვეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და დასავლელი პარტნიორები მიერ ერთხმად გამოხატული კრიტიკა. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ამ ნაბიჯის გამო, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ ამბიციას, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ახალი კანონის მიხედვით, ფიზიკურ პირები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და მედიასაშუალებები ვალდებულები იქნებიან, დარეგისტრირდნენ „უცხოურ აგენტად“ იუსტიციის სამინისტროში, თუ ისინი თავიანთი ფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ.

ეჭვს არ იწვევს, რომ ახალი კანონის მიზანი, გამჭვირვალობის ხელშეწყობის საფარქვეშ, არის სამოქალაქო ორგანიზაციების, მედიის სტიგმატიზაცია და მუშაობის შეზღუდვა, რომლებიც ისედაც მუშაობენ დაძაბულ პირობებში. ახალი კანონი, როგორც ჩანს, შთაგონებულია 2012 წელს მიღებული უცხოელი აგენტების შესახებ ბოროტი განზრახვის მქონე რუსული კანონით, რომელმაც რუსეთში გამოიწვია სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული საზოგადოებრივი აზრის ჩახშობა. ეს აშკარად შეუსაბამოა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებთან – კერძოდ, მე-7 პრიორიტეტთან მედიის თავისუფლების შესახებ და მე-10 პრიორიტეტთან სამოქალაქო საზოგადოების შესახებ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მოაგვაროს, თუ მათ ნამდვილად სურთ, რომ ქვეყანას მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ის ასევე შეიძლება, იყოს არაკონსტიტუციური, როგორც ეს საქართველოს პრეზიდენტმა მართებულად აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ ის საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზას, რომელიც 2017 წლიდან კონსტიტუციაშია დაფიქსირებული. მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას, დაადასტუროს თავისი ვალდებულება ევროკომისიის მიერ ევროკავშირის წევრობის საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით 2022 წლის 17 ივნისს განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესასრულებლად და დაიცვას ქართველი ხალხის მშვიდობიანი პროტესტის კონსტიტუციური უფლება. ამიტომ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარყოს ეს კანონპროექტი“, – ნათქვამია განცხადებაში.