მარინა კალიურანდი - არჩევნები ჩატარდა, ქართველმა ხალხმა სათქმელი თქვა, პარლამენტის წევრების ვალდებულებაა, დაიკავონ ადგილები
მარინა კალიურანდი - არჩევნები ჩატარდა, ქართველმა ხალხმა სათქმელი თქვა, პარლამენტის წევრების ვალდებულებაა, დაიკავონ ადგილები

არჩევნები ჩატარდა, ქართველმა ხალხმა სათქმელი თქვა და ორივე მხრიდან, როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ოპოზიციიდან, პარლამენტის წევრების ვალდებულებაა, დაიკავონ ადგილები და პარლამენტში მუშაობა დაიწყონ ხვალ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგრც მარინა კალიურანდმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტი ვერ წავიდა და ვერ დააკვირდა საქართველოში არჩევნებს, რასაც 1995 წლიდან აკეთებდა.

„ჩვენ უნდა ვენდოთ სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ ადგილზე. ვგულისხმობ ეუთო/ოდირის შეზღუდულ სადამკვირვებლო მისიას, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას და სხვას. მე განვაცხადე, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და სამართლიანი, ზოგადი თავისუფლებები იყო დაცული. დიახ, იყო გარკვეული ხარვეზები და ჩვენ ამასთან დაკავშირებით გულწრფელები უნდა ვიყოთ. დღეს ემოციების ადგილი არ არის. არჩევნები ჩატარდა, ქართველმა ხალხმა სათქმელი თქვა და ორივე მხრიდან, როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ოპოზიციიდან, პარლამენტის წევრების ვალდებულებაა, დაიკავონ ადგილები და პარლამენტში მუშაობა ხვალ დაიწყონ. ეს ერთადერთი გზაა, რომ გაგრძელდეს საქართველოში სასამართლო სისტემისა და საარჩევნო რეფორმები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ვაღიარებ საქართველოს მმართველ პარტიას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კომპრომისებზე წასვლისთვის. მსურს, კომპლიმენტი ვუთხრა ევროკავშირის ელჩს მის მიერ შუამავლის განსაკუთრებული როლისთვის. პარლამენტი მუშაობას ხვალ იწყებს. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ პარლამენტის მუშაობას შეუერთდება ოპოზიციური პარტიების რაც შეიძლება მეტი წევრი, რადგან ეს ქართველი ხალხის ინტერესებშია. მსურს, მივმართო ჩემს კოლეგებს – ძვირფასო კოლეგებო, გთხოვთ, დააყენეთ საქართველოს ინტერესები თქვენს პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი საქართველოს დემოკრატიული რეფორმების სრულ მხარდაჭერაში“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

დატოვე კომენტარი