მარინა კალიურანდი - ადგილობრივ არჩევნებში ხმას აძლევთ მათ, ვისაც ძალიან კარგად იცნობთ, თქვენ იცით, რა გააკეთა ამ ხალხმა, გადახედეთ მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს და ასე მიიღეთ გადაწყვეტილება
მარინა კალიურანდი - ადგილობრივ არჩევნებში ხმას აძლევთ მათ, ვისაც ძალიან კარგად იცნობთ, თქვენ იცით, რა გააკეთა ამ ხალხმა, გადახედეთ მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს და ასე მიიღეთ გადაწყვეტილება

ადგილობრივ არჩევნებში თქვენ აძლევთ ხმას მათ, ვისაც ძალიან კარგად იცნობთ. თქვენ იცით, რა გააკეთა ამ ხალხმა, გადახედეთ მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს და ასე მიიღეთ გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი მისია არის ეუთო-სა და ოდირის, ასევე ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის ნაწილი. ჩვენ ერთად ვმუშაობთ. ჩვენ გუშინ ჩამოვედით და ოთხი-ხუთი დღე დავრჩებით. არჩევნების დღეს მე ვიქნები თბილისში და სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მივალ. ჩვენ უკვე მივიღეთ ინსტრუქციები, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება საარჩევნო უბნებზე. თუმცა, არჩევნებზე დაკვირვების გარდა, მე მსურს, გავესაუბრო ქართველ ხალხს. უკვე წლებია, ამის საშუალება არ მქონია. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ხალხთან გასაუბრების შესაძლებლობა მექნება და გავიგებთ მათ მოლოდინებს. გავესაუბრები ევროკავშირზე და მათ ევროპულ მისწრაფებებზე. თუმცა კიდევ ერთხელ გავუმეორებ, რომ ეს არის ადგილობრივი არჩევნები და ხაზგასმა უნდა ხდებოდეს ადგილობრივ არჩევნებზე“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლების ერთობლივი პრესკონფერენცია 3 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიმართება.

„ჩვენ ესტონეთშიც ვემზადებით ადგილობრივი არჩევნებისთვის. ეს არჩევნები ორ კვირაში გაიმართება. ასე რომ, ესტონეთში უქმე დღეებში ჩართული ვართ საარჩევნო კამპანიაში, გავდივარ ქუჩაში, ვესაუბრები ხალხს. ჩემი რჩევა ქართველი ხალხისადმი არის იგივე. ძალიან გთხოვთ, წადით არჩევნებზე და მიეცით ხმა მათ, ვინც გგონიათ, რომ ყველაზე კარგად ემსახურება თქვენს ქვეყანას, საქართველოს მომავალს, თქვენი ადგილობრივი თემების წარმომადგენლების მომავალს. ადგილობრივ არჩევნებში თქვენ აძლევთ ხმას მათ, ვისაც ძალიან კარგად იცნობთ. თქვენ იცით, რა გააკეთა ამ ხალხმა. გადახედეთ მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს და ასე მიიღეთ გადაწყვეტილება“, – აღნიშნა მარინა კალიურანდმა.