მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია

თბილისის ინფექციურ კლინიკაში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით კიდევ რვა პაციენტის გამოკვლევის შედეგებს ელოდებიან, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ, დღე-ღამის განმავლობაში თბილისის ინფექციური კლინიკიდან 22 პაციენტს ჩაუტარდა ტესტი ახალ კორონავირუსზე და 22-ვე პირთან მიმართებაში პასუხები უარყოფითი იყო. ისინი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

„ამჟამად, ჩვენთან 18 პაციენტი იმყოფება. აქედან დღეს დილით რვა პირზე არის აღებული კვლევა და დღის განმავლობაში მივიღებთ შედეგებს. პარალელურ რეჟიმში ხდება შემოსვლა. თუ პაციენტების რაოდენობა კიდევ მიაღწევს 8-10-ს, ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ აიღებენ ანალიზს და ჩატარდება ტესტი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, მისი თქმით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. არცერთ მათგანთან ტემპერატურა არ გამოვლენილა. სუბიექტური ჩივილები არ აქვთ. სუბიექტურად, მდგომარეობა სტაბილურია. ყოველდღიურად ხდება მათი შეფასება შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებით. კვლევებშიც ცვლილებები არ აღენიშნებათ ჯერ და დაავადების სიმპტომატიკასთან არ გვაქვს საქმე. თუ ასე დასრულდა, აღნიშნული პაციენტები ალბათ სირთულეებისა და მდგომარეობის დამძიმების გარეშე განიკურნებიან. ჩვენ ამის იმედი გვაქვს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში ამ დრომდე ახალი კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული.