მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები ძირითადად ბოლნისის რაიონს უკავშირდება, ნაწილი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები ძირითადად ბოლნისის რაიონს უკავშირდება, ნაწილი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირქტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ დილიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 258 პაციენტი მკურნალობს.

„გუშინდელი მონაცემებით იყო 677 დადასტურებული შემთხვევა. დაგვემატა 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გვყავს  695 დადასტურებული პაციენტი. გამოჯანმრთელებული იყო – 419, ამ ეტაპზე, მხოლოდ ექვსი დაგვემატა და არის – 425. დღეს დღეობით, ამ მონაცემების შეჯერებით, 258 პაციენტი მკურნალობს კოვიდ-ცენტრებში. ამჟამად, მკურნალობაზე მყოფ დადასტურებულ შემთხვევებთან შედარებით გამოჯანმრთელებულები 155-ით მეტია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, ეზუგბაიას განმარტებით, 18 ახალი შემთხვევიდან დიდი ნაწილი ბოლნისის რაიონს უკავშირდება.

„18 ახალი შემთხვევიდან რვა არის ბოლნისის რაიონიდან. ძირითადად, ეს არის სოფელი გეტა და მუშევანი. შემდეგი რვა არის დაავადებულებთან კონტაქტები. ანუ, დადასტურებულ, უკვე დაავადებულებთან კონტაქტები. მხოლოდ ორი არის ახალი დადასტურებული, რომელიც შემოსულია საკარანტინო სივრციდან. მათი კონტაქტების მოძიება მოხდება.

ბოლნისის რვა შემთხვევიდან ოთხი ჩვენთან არის მოთავსებული, დანარჩენები სხვა ცენტრებში. გუშინ მოგახსენეთ, რომ ჩვენ მოვათავსეთ ოთხი პაციენტი დადასტურებულის ოჯახის წევრები. ოთხივე დადასტურდა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, კითხვაზე, არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი სამეგრელოში ტრაილერის მძღოლის ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ, ეზუგბაიამ უპასუხა, რომ აღნიშნული პაციენტები რუხის საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი.